გედევან ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევას ბიძინა ივანიშვილიც დაეთანხმა – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ფრაქციამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და მას, იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობის დაკავებაზე უარი ეთქვა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მხარი ფრაქციის ყველა წევრმა დაუჭირა, მათი პოზიცია გაიზიარა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც.

როგორც “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში დღეს გამართული სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გედევან ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევის 2 მიზეზი არსებობს, დარღვეული იყო გარკვეული პროცედურული საკითხები და მისი კანდიდატურა მმართველ გუნდთან არ ყოფილა შეთანხმებული.

მისივე თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს აქვს უფლება, თავად დაასახელოს თავისი პირველი მოადგილის კანდიდატურა. ამ თანადებობის დაკავების პრეტენდენტთა შორის, წინასწარი ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება.

“არც ერთ ადამიანს დღეს, რომელიც გამოთქვამდა თავის მოსაზრებას, პარტიის ხელმძღვანელით დაწყებული, ნებისმიერი წევრით დამთავრებული, არ უთქვამს, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო, ადამიანს რაიმე სანქცია უნდა დაეკისროს. მოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც კი შეიძლებოდა გამონახულიყო იმის მიხედვით, რომ გედევან ფოფხაძის კანდიდატურა გუნდში არ იყო შეთანხმებული, ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს უფლება დაასახელოს თავისი პირველი მოადგილის კანდიდატურა”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, გედევან ფოფხაძის კანდიდატურის არმიღება არ უკავშირდება ეკა ბესელიას გადადგომასა და ​უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას.

“საკითხის დაკავშირება ამასთან, არ იქნება სწორი, არ მინდა სხვა დეტალებზე დღეს ვისაუბრო. ეს არის პოლიტიკური პროცესი და ასეთი რაღაცეები ხდება, შესაბამისად ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება”, – განმარტავს მამუკა მდინარაძე.

აღსანიშნავია, რომ ფოფხაძე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, გასულ კვირას წარადგინა.

თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია და აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევა, მის დასჯად აღიქმება.

ეკა ბესელიას განცხადებით, დიდი ხანია მიმდინარეობს ბრძოლა იურიდიულ კომიტეტში, დეტალებზე კი მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს. იგი “ქართულ ოცნებაში” გამართულ სხდომას დღეს, არ ესწრებოდა.

 

მსგავსი თემები