ეკა ბესელია მის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე საუბრობს, თანაგუნდელები კი არაგუნდურობაში ადანაშაულებენ

პოლიტიკურ კულუარებში ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვის თემას განიხილავენ. გუნდის ერთი ნაწილი მას არაგუნდურ თამაშში ადანაშაულებს, მეორე ნაწილისთვის, ბესელიას პარტიიდან გარიცხვა კატეგორიულად მიუღებელია.

ეკა ბესელიასა და სოფო კილაძის დაპირისპირება დიდი ხანია აშკარაა. თუმცა, დაპირისპირებას ამჯერად საჯაროდაც არ ერიდებიან და ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს თავისუფლად ისვრიან.

როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, კონკრეტული ადამიანები „ქართული ოცნების“ იმიჯის შელახვას ცდილობენ. ზოგიერთები კი მის კოლეგას, ეკა ბესელიას მოიაზრებს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველასთვის გასაგებად თქვა, რომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა. ზოგიერთები კი ცდილობენ, რომ „ქართული ოცნების“ იმიჯი შელახონ და არაგუნდურად ითამაშონ. შეხვედრა რა შედეგით დასრულდება, წინასწარ ვერ ვიტყვი. შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ ეს არის კლანებს შორის ბრძოლა. არანაირი კლანები არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“, – აცხადებს სოფო კილაძე.

ეკა ბესელიას თანამოაზრე გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული ადამიანები უნდა დაინიშნონ და პარლამენტს სასამართლოსთან დაკავშირებით ადეკვატური დამოკიდებულება უნდა ქონდეს.

„უზენაეს სასამართლოში შერჩეული იყოს ღირსეული ადამიანები. ეს საკითხი დაისვა დღის წესრიგში და არაფერი სხვა ქვეტექსტი ამას არ ჰქონია. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ახლა აქცენტების ამ თემიდან გადატანა სწორი იყოს“ – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელიას გვარს არ აცხადებენ, თუმცა, მიანიშნებენ, რომ მისი პრობლემა არაგუნდური თამაშია. კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც ეკა ბესელია მიმართ გაისმა, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაა. კერძოდ, ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ის ფლობს ინფორმაციას, ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებებზე. კონკრეტულად კი „ომეგას“ საქმეში.

ეკა ბესელია უმრავლესობის დღევანდელ სხდომას არ ესწრება. ის მივლინებით უცხოეთში იმყოფება. მისი შეფასებით, ის, რაც მასთან დაკავშირებით ხდება, არის ომი. ვინ დგას ამ ომის უკან, ამის გარკვევას თავად აპირებს.

მსგავსი თემები