„საზოგადოება შეცდომაში ნუ შეგყავთ!” – გუგული მაღრაძის საგანგებო მიმართვა მედიას 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გუგული მაღრაძე, მოწევის აკრძალვასა და ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ჟურნალისტებს მოუწოდებს, მისი მისამართით შეურაცხმყოფელ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ ავრცელებენ.

​როგორც “მთავარს” გუგული მაღრაძემ განუცხადა, Obesity – ანუ ჭარბწონიანობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვა, საქართველოსთვის და მისი საზოგადოებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი. ​

დეპუტატი წუხს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, მას ბევრი უსიამოვნო და შეურაცხმყოფელი გამონათქვამი დაბრალდა, მათ შორის კონტექსტიდან ამოგლეჯილი მოსაზრება. “თურმე მე მგონია მოსახლეობამ ნაკლები უნდა ჭამოს და უფრო გამხდარი უნდა იყოს თუ უჭირს და უამრავი ასეთი სისულელე”, – აცხადებს გუგული მაღრაძე და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს საქილიკოდ ნუ გახდიან, ნუ გამოიყენებენ შეურაცხმყოფელ ფორმებს.

“ძალიან ბევრი განაწყენებული და გაბრაზებული ადამიანი მწერს ამ შეზღუდვის თაობაზე. თამბაქოს მავნე ზემოქმედებით ყოველწლიურად მსოფლიოში 6 მილიონი ადამიანი იღუპება – ერთი ადამიანი ყოველ ექვს წამში. პასიური მწეველობა მსოფლიოში წელიწადში 600,000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის სიკვდილს იწვევს. პირველ მაისს საქართველოში ძალაში შესული შეზღუდვები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვის შესახებ, სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას და ჩვენი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება მიზნად. რაც შეეხება ჭარბწონიანობას და მასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევას, ეს სახუმარო საკითხი არაა, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა. არანაირი რეგულაციები და კანონში ცვლილებები ამ მიმართულებით საქართველოში არ იგეგმება, მით უმეტეს რაიმე ისეთი, რაც დააზიანებდა ჩვენს ბიზნესს ან მოსახლეობას”, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებმა არასწორად მოახდინეს ამ საკითხის ინტერპრეტაცია, მაშინ, როდესაც ამ თემაზე საუბარი გაცილებით მნიშვნელოვანია. სფეროს ექსპერტებმა უნდა გააცნონ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად.

გუგული მაღრაძის ინფორმაციით, მალე გამოქვეყნდება 2017 წლის კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა. კვლევები ცხადყოფს, რომ ჭარბწონიანობას უშუალოდ უკავშირდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, გარკვეული სახის სიმსივნეები და სხვა.

“მეცნიერთა აზრით, მსოფლიოში უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში,  ჭარბწონიანობის პრობლემა (obsesity) მსოფლიოს ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და აქ საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანა არ მიეკუთვნება მაღალი ეკონომიკური განვითარების ქვეყანას და შესაძლოა ამის გამო გვეგონოს, რომ ჭარბწონიანობაზე საქართველოში საუბარი ჩვენი მოსახლეობის დაცინვაა და არასწორია. საკითხი მტკივნეულია, რადგან არასრულფასოვანი კვების გამო, მონაცემების მიხედვით სიმსუქნე და  ჭარბწონიანობა ახასიათებს საქართველოში მცხოვრებ 56%-ზე მეტ ადამიანს, რაც აზიანებს მათ ჯანმრთელობას. ხოლო, რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა, საზოგადოებამ, მთავრობამ, სკოლამ, პარლამენტმა და ა.შ – ეს საკითხი უფრო სიღრმისეული შესწავლის საგანია და იმედია ამ თემაზე კომპეტენტური საუბრის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში”, – აცხადებს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.

მსგავსი თემები