არასამთავრობოები მურუსიძე-ჩინჩალაძის მოსამართლეობიდან გადადგომას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ორი მოსამართლის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლმსაჯულების სისტემის განვითარება და დამოუკიდებლობა ვერ წარმოუდგენიათ.

„წლების მანძილზე ნელ-ნელა სისტემიდან განიდევნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სისტემისადმი კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდნენ; გავლენიანი ჯგუფის წევრები სარგებლობენ ხელისუფლების გარკვეული შტოების და პარლამენტარების ნაწილის მხარდაჭერით; გავლენიანი ჯგუფის უმრავლესობა წარსულში განხილული არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გამო საზოგადოების ფართო წრეებში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მაგალითად, ლევან მურუსიძე, რომელიც უვადოდ გამწესდა თანამდებობაზე, მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებში. ამ საქმეებზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, სადაც, ერთ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების პროცესი მკვეთრად არის გაკრიტიკებული, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სახელმწიფო თავად აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს. სწორედ მსგავსი რეპუტაციის მოსამართლეების დანიშვნა შეიძლება დასახელდეს ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, სოციოლოგიური გამოკითხვებით, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მუდმივად ეცემა“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

მათი მოთხოვნა კი შემდეგია: განახლდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და არამოსამართლე წევრები დანიშნოს პარლამენტმა. განცხადებას ხელს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. კერძოდ კი: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF) და ადამიანის უფლებათა ცენტრი აწერენ.

მსგავსი თემები