მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების დაფინანსება 1,5 მილიონი ლარით იზრდება 

მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი, 2019 წელს, 1,5 მლნ ლარით გაიზრდება, ამას ემატება მუნიციპალიტეტებზე გათვალისწინებული კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერები, რაც ჯამში 60,0 მილიონ ლარს შეადგენს. სხვადასხვა პროექტი დამატებით დაახლოებით 8 მილიონი ლარით დაფინანსდება, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

როგორც აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის დამჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მარტო ხულოს მუნიციპალიტეტში გზების მოსაწყობად დაახლოებით 9 მლნ ლარი დაიხარჯება. გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე გზის რეაბილიტაცია დასრულდება. დაგეგმილია, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დაიწყება ბეშუმის განაშენიანება, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია.

რიჟვაძის თქმით, აღნიშნული პროექტი კერძო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ახალი ტურისტული ადგილების განვითარებას შეუწყობს ხელს.

28 დეკემბრის სხდომაზე მთავრობის წევრებმა ციტრუსის სეზონის მიმდინარეობაზეც ისაუბრეს. 25 დეკემბრის მონაცემებით, სომხეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში, ლატვიაში, უზბეკეთსა და რუსეთში უკვე ექსპორტირებულია 25 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც შარშანდელთან შედარებით 8000 ტონაზე მეტია. დღეის მდგომარეობით  სხვადასხვა საწარმოებმა 8 000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი მიიღეს და გადაამუშავეს.

მსგავსი თემები