დავით კირკიტაძე: “უმნიშვნელოა ეს სასამართლო პროცესი, არ მადარდებს რას დაწერს ბრალდების მხარე”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რომ  “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რის გამოც, “ხვალიდან ბრძოლას დაიწყებენ”.

“ჩვენ არ გვეშინია იმის, თუ რას დაწერენ და რას იტყვიან “ქართული ოცნების” მბრალდებლები. ამას ღიმილით ვხვდებით, მაგრამ ძალიან გვეშინია და გვაშფოთებს ის ქვითრები, რომელიც მიდის ჩვენს მოსახლეობას ახლა, ამ ცივ დღეებში – გაძვირებული დენის და გაზის გადასახადები. გვაშფოთებს ქვითრები, რომლის გადახდაც სურსათის მაღაზიაში და ბენზინგასამართ სადგურებში უწევთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.  ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მძიმე ყოფა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააყენა და აიძულებს ქვეყანა დატოვოს, უკეთესობისკენ შეიცვალოს”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძის თქმით, აღნიშნული სასამართლო პროცესი მისთვის უმნიშვნელოა.

“არ გვადარდებს, ამით ვერაფერს შეცვლიან. რაც არ უნდა დაწერონ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. არ მადარდებს ბრალდების მხარე რას დაწერს და რას მოიტანს, ბრალდები მხარე არა ის, ნოტარიუსები არიან ვინც აქ სხედან. ბრალდების მხარე პოლიტიკური ჟანდარმერიაა”, – განმარტავს კირკიტაძე.

დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მსგავსი თემები