ქართველი სპორტსმენები უკვე პეკინში არიან, ზამთრის ოლიმპიადა 4 თებერვალს გაიხსნება – ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან მონაწილეობას 9 სპორტსმენი მიიღებს. პეკინში ოლიმპიური სოფელი უკვე გაიხსნა. ოლიმპიადა კი 4 თებერვალს დაიწყება. წლევანდელი ოლიმპიადის დევიზია „ერთად საერთო მომავლისთვის“. პეკინში ზამთრის ოლიმპიადა 20 თებერვალს დაიხურება.

ოლიმპიადის სამზადისთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარს“ ჩინეთის ელჩი საქართველოში – ლი იენი ესაუბრა.

„2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება, რისთვისაც სხვადასხვა სახის სამუშაოები უკვე დასრულდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივი შეთანხმებით, ოლიმპიადა „დახურული წრის“ მოდელით ჩატარდება, რისთვისაც ჩინურმა მხარემ სრულყოფილი გეგმა დაამტკიცა“ – აღნიშნა ელჩმა მედიაცენტრ მთავართან“.

ლი იენის თქმით, მედიაცენტრმა საცდელი ფუნქციონირება უკვე დაიწყო.

„საცდელი შეჯიბრებების დროს ყველა დარბაზი გამართულად ფუნქციონირებდა. ყველაფერი მზადაა და მწყობრშია. ზამთრის ოლიმპიური თამაშების მთავარმა მედიაცენტრმა საცდელი ფუნქციონირება დაიწყო, ოლიმპიური სოფელი კი ოფიციალურად 27 იანვარს გაიხსნა. არაერთი ქვეყნის სპორტსმენები და პერსონალი უკვე პეკინშია. ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოს „უბრალო, უსაფრთხო და ბრწყინვალე“ ზამთრის ოლიმპიადას ვაჩუქებთ. თითოეული მონაწილე გაზაფხულის მსგავს სითბოს იგრძნობს. ეს ოლიმპიადა მსოფლიოს ერთობას, რწმენას და ძალებს შეჰმატებს.

პეკინი პირველი ქალაქი იქნება მსოფლიოში, რომელიც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. ეს პეკინისა და მთელი ჩინელი ერისთვის დიდი პატივია. მსოფლიოში არსებული მძიმე ეპიდემიოლიგიური ვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეშვეობით ოლიმპიური სულისკვეთების კიდევ ერთხელ დემონსტრირება, კაცობრიობის ერთობის, თანამშრომლობის და სირთულეების წინააღმდეგ თანადგომის დემონსტრირება. საინტერესო თამაშების გარდა, მე პირადად განსაკუთრებით ველოდები გახსნისა და დახურვის ცერემონიებს. ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების დამდგმელი არის ბატონი ჭანგ იმოუ, რომელიც თავის დროზე პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს რეჟისორობდა. ერთად დაველოდოთ მის შემოქმედებას“ – აღნიშნა ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

ელჩი ქართველ სპორტსმენებს წარმატებებს უსურვებს.

„რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, 9 ქართველი სპორტსმენი ემზადება ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის. ვუსურვებ მათ ყოველმხრივ წარმოაჩინონ მომზადების დონე და შესანიშნავ შედეგებს მიაღწიონ. გაგვიხარდება, თუ ჩვენი ქართველი მეგობრები ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით თვალს მიადევნებენ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, უგულშემატკივრებენ სპორტსმენებს და მათთან ერთად გაიზიარებენ ოლიმპიურ სულისკვეთებას“ – აცხადებს ელჩი ლი იენი.

 

მსგავსი თემები