საქართველოში 154 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრეს

პაციენტების სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 183 ექიმის საქმიდან, პროფესიული განვითარების საბჭომ 154 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა. 22 ექიმს არ დააკისრა, ხოლო არ იქნა განხილული 7 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან- 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამავე პერიდოში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაიწყეს 286 შემთხვევაში. შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, შედგენილ იქნა და სასამართლოებს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 986 ოქმი.

აქედან: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევაზე – 663 ოქმი; სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევაზე – 72 (მ.შ. განმეორებითი სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევა – 5; სააღმზრდელო საქმიანობა – 7); მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა (ტექნიკური რეგლამენტი) – 102; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა – 31; უკანონო საექიმო საქმიანობა – 31; პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერის და გაფორმების წესების დარღვევა – 87.

ამ ეტაპზე, სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციით, დაჯარიმდა – 510 სამართალდამრღვევი; შენიშვნა მიეცა – 234 სამართალდამრღვევს; საქმე შეწყდა – 97 შემთხვევაში. 145 შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს. ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლოების მიერ, ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა 1 420 050.00 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები