ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის მერიაში

ხმაური იყო ბათუმის მერიაში. ქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მერის მისაღებში დაცვის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ, რასაც დაპირისპირება მოყვა.

სამართალდამცველები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სხდომათა დარბაზიდან გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სხდომათა დარბაზში იმისთვის შევიდნენ, რომ ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან, აუდიტის სამსახურის დასკვნასა და ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით შეკითხვები ქონდათ. მათივე განცხადებით, ბათუმის მერი „იმალება, მათ არ ხვდება და შეკითხვებზე პასუხები არ აქვს“.

ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ისევ გრძელდება, ოპოზიციონერების ნაწილი კვლავ სხდომათა დარბაზში იმყოფება და სამართალდამცველების მოწოდებას არ ემორჩილება.

„მერი რომ ანგარიშვალდებულია საკრებულოს წევრების წინაშე, ეს აღარ ახსოვს არჩილ ჩიქოვანს, ვითხოვდით შეხვედრას აუდიტის ძალიან კრიტიკულ დასკვნასთან, ასევე ქალაქში დაგროვილ უამრავ პრობლემასთან დაკავშირებით, არ გვხვდება, ყველა წინადადებაზე უარი გვითხრეს“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ვიდრე მერი მათ არ შეხვდებათ, მერიის შენობას არ დატოვებენ.

მსგავსი თემები