ევროკავშირი რუსეთისგან გაზმომარაგების ალტერნატიულ გზებზე მსჯელობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი გაზმომარაგებაზე აშშ-სთან, ყატართან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზით მომარაგების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს, – ამის შესახებ მან პერსონალურ ბლოგზე  დაწერა.

როგორც ბორელი წერს, ბრიუსელი ასევე განიხილავს ექსპორტის კონტროლის ზომებს, რაც ითვალისწინებს რუსეთისთვის ისეთი პროდუქტების დაბლოკვას, რომლებიც მოსკოვს სტრატეგიული ამბიციების შესასრულებლად სჭირდება.

„რუსეთი აწარმოებს ნერვების ომს. ამ დაპირისპირებაში ჩვენ ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატიამ იმუშაოს. ჩვენ მზად ვართ იმ შემთხვევისთვისაც, თუ დიპლომატია ჩავარდება და ყველა ვარიანტს განვიხილავთ. ეს მოიცავს ჩვენი მდგრადობის გაუმჯობესებას, მათ შორის პარტნიორებთან მუშაობას, როგორიცაა აშშ, ყატარი და აზერბაიჯანი, გაზის მიწოდების საკითხზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს მიწოდების შემცირებას ან შეჩერებას,“ – ამბობს ბორელი.

საგარეო სამსახურის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საბოლოო ინტერესია, რომ გონიერებამ გაიმარჯვოს და კონფლიქტები, რომლებიც ბოლო წლებში ევროპაში უნდობლობასა და ანტაგონიზმს ზრდის, მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს.

„ევროკავშირი უარს არ იტყვის უკრაინის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერაზე. უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეზობელია: მისი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – ამბობს ბორელი.

მსგავსი თემები