გაიხსნას “პანდორას ყუთი”! ვინ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე? – ანა დოლიძე მურუსიძის დანიშვნაზე

  •  

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს უნდა დაეკისროს.

მისივე თქმით, მთლიანად უნდა გაიხსნას “პანდორას ყუთი” და გაეცეს პასუხი კითხვას – ვინ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე?

“პირველ რიგში ამაზე, პასუხი უნდა აგოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის ლიდერობის გარეშე, ვერ დაიწერებოდა ვერც ერთი საკანონმდებლო ცვლილება. რომელმაც მიგვიყვანა ამ ერთი დაჯგუფების განუზომელ ძალაუფლებამდე. მგონია, რომ ეს პროცესი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ გარჩევის დასაწყისი, თუ ვინ ეცადა შეექმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც ჩაბეტონდებიან სისტემაში ლევან მურუსიძეები. ეს ჩვენი ხალხისთვის მიუღებელია, მაგრამ ფაქტია, რომ აქ საქმე გვქონდა ვანო ზარდიაშვილთან და მის ჯგუფთან, მაგრამ არ მგონია ამ გარჩევაში მარტო აქ უნდა გავჩერდეთ”, – განუცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სავარძელს უვადოდ დაიკავებს. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დაინიშნა. მურუსიძემ ორ გადამწყვეტ კრიტერიუმში 95 და 94% მიიღო. კერძოდ, კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94%.

მოსამართლეთა და კერძოდ ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას დაპირისპირება პარლამენტშიც უძღვოდა წინ. დეპუტატთა ერთმა ნაწილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას შეურაცხყოფა უწოდა.

მსგავსი თემები