თბილისის რთული რელიეფის უბნებისთვის 100 ახალი ავტობუსის შესყიდვა იგეგმება

თბილისის მერია, რთული რელიეფის უბნების საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გასაუმჯობესებლად, 3 წლის განმავლობაში, საშუალო ტევადობის 700 ახალ ავტობუსს შეიძენს. პირველი 100 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადა. პირველ ეტაპზე დედაქალაქში 69 ავტობუსი უნდა შემოვიდეს, ხოლო მეორე ეტაპზე 31.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 25 დეკემბრამდე თბილისი ეტაპობრივად ასი, ევრო 6-ის სტანდარტის, 10-მეტრიანი, 3-კარიანი, დიზელის საწვავზე მომუშავე და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით უნდა უზრუნველყოს.
როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ტექნიკური პირობების თანახმად, ავტობუსები უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული, ერთი მარკისა და მოდელის და მათი გარბენი 1700 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.  ჯამში 69 მგზავრზე გათვლილ ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთათვის განკუთვნილი 23 დასაჯდომი ადგილი და მინიმუმ 1 შშმ პირზე გათვლილი სივრცე. ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს შშმ პირებისთვის განკუთვნილი მექანიკური პანდუსით, ეტლის დასამაგრებელი მოწყობილობით, სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით.

სატენდერო პირობების თანახმად, ავტობუსის კომპლექტაციაში გათვალისწინებულია ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემების არსებობა.

თბილისის მერიისა და შპს „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ 100 ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები