„სისტრა“ თბილისს ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმას შესთავაზებს

თბილისის მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. გრანტის მეშვეობით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს.
როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, „სისტრა“ კვლევაზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადაში გაწერილ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც დედაქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი იქნება. კომპანიამ მერიას დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა შესთავაზოს.
პროგრამის შედგენამდე, კომპანია ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს, რაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების შესწავლასა და ხელახალ დაგეგმვას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მეტროპოლიტენის მუშაობის სპეციფიკაც.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, „სისტრამ“ მერიას თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობის, გაჩერებების განრიგის, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით უნდა წარუდგინოს.
იმავდროულად, „სისტრა“ თბილისს გადასცემს სატრანსპორტო მოდელს – იმ სპეციალიზებულ პროგრამას, რომელსაც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შედგენისას გამოიყენებენ. პროგრამა, ქუჩათა ქსელისა და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მონაცემების გათვალისწინებით, ტრანსპორტის მოძრაობის მოდელირებას ახდენს, რაც ასევე, მნიშვნელოვანია  ახალი მშენებლობების დაგეგმვისას, სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქის უბნების მომსახურების შესამუშავებლად.
დედაქალაქის მერიის ინფორმაცით, EBRD-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფუნქციონირება გაუმჯობესდება.
მათივე ცნობით, გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის ელემენტებიც.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ეყრება საფუძველი. კვლევა, რომელიც ახლო მომავალში ჩატარდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი ექნება. შედეგად, დედაქალაქის მოსახლეობამ კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მიიღოს, რომელიც მგზავრთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და ქალაქის დატვირთვას სრულად დააკმაყოფილებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს, რომლებმაც თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ქალაქის მთავრობას მხარი არაერთხელ დაუჭირეს და აღნიშნა, რომ მერიის ერთ-ერთი  პრიორიტეტი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა, რადგან ქალაქის განტვირთვა და არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გარკვეულწილად დაძლევა სწორედ მასზეა დამოკიდებული.
კალაძის თქმით, წელს თბილისში 100 ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, მომდევნო წლების მანძილზე კი, დედაქალაქში არსებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება.
როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის  წარმომადგენლობის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ განმარტა, ფრანგული კომპანია  „სისტრას“ მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაუმჯობესებლად არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება.
“მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში „სისტრა“, როგორც კვლევას, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების გამოკითხვას ჩაატარებს, თუ სად იწყება მათი მგზავრობა, სად მთავრდება, რომელი საავტობუსო თუ მიკროავტობუსების მარშრუტები სად გადის, რამდენად ეფექტიანი და რენტაბელურია თითოეული მათგანი და ამის შემდგომ წარადგენს თავის რეკომენდაციებს სატრანსპორტო მარშრუტების შეცვლის, განახლების ან ახალი მიმართულებების დადგენის მიზნით“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალე, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირი, მსგავსი ღონისძიებების განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტს მხარს დაუჭერს. დიპლომატის შეფასებით, თბილისის მთავრობას კარგად ესმის, თუ რა არის საჭირო კერძო ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩასანაცვლებლად.
იგი მოუწოდებს თბილისის მთავრობას, რაც შეიძლება მოკლე დროში განახორციელონ  ტრანსპორტის რეფორმა, რომელიც, თავისთავად, მოქალაქეებისა და ზოგადად, გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
“ჩვენი პარტნიორის – EBRD-ის მხარდაჭერით, შევძლებთ, ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციას, რათა თბილისში აღნიშნული მიმართულება გაუმჯობესდეს“, – განაცხადა კარლო ნატალემ.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის 101 მარშრუტს, დაახლოებით, 530 ავტობუსი ემსახურება, რაც არასაკმარისია. თბილისის მერია უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. „სისტრას“ რეკომენდაციების საფუძველზე, მერიას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მოცულობისა და რამდენი ავტობუსი ესაჭიროება თბილისს, რასაც შესყიდვების პროცესში გაითვალისწინებენ.
ამავე დროს, თბილისის მერია მეტროს ახალი მატარებლებისა და ვაგონების შეძენასაც გეგმავს. შედეგად, მერია დედაქალაქის მზარდ მოთხოვნებს მუნიციპალური ტრანსპორტით სრულად დააკმაყოფილებს.
პროექტის საერთო ღირებულება 800 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც 500 ათასი ევროკავშირის გრანტია, ხოლო 300 ათასი – მერიის დაფინანსება. ხელშეკრულების განმახორციელებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია.
თბილისის მთავრობის მიერ მოწონებულ საგრანტო ხელშეკრულებაზე საკრებულოდან თანხმობა უკვე მიღებულია.

მსგავსი თემები