“კვდება ბიზნესი” – ეს განცხადებს “მედიაცენტრ მთავარში” “რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ გააკეთა. სარესტორნო ბიზნესი “მწვანე პასპორტების” არაეფექტურობაზე საუბრობს და მის გაუქმებას ითხოვს.
“აშკარაა, რომ პანდემიას ვერავინ ერევა. უკვე 20 000 ინფიცირებულს ვაღწევთ დღეში და ამის ფონზე, რეგულაციები, რომლებიც დღესაა დაწესებული მხოლოდ რესტორნებს ეხებათ. იკარგება სამუშაო ადგილები, კვდება ბიზნესის ეს ნაწილი და ვიღებთ სავალალო შედეგებს. მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ არ ჩაკეტა რესტორნები და ამან ეკონომიკის ამუშავებაც გამოიწვია. არანაირი სხვა რეგულაცია არ შემოღებულა, ამიტომაც, “მწვანე პასპორტების” მნიშვნელობას ვეღარ ვხვდები. აბსურდია, როდესაც რესტორანში მასპინძელს არ მოეთხოვება მწვანე პასპორტი და სტუმარი ვალდებულია მისი ქონის”, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ “მედიაცენტრ მთავარში“.
შოთა ბურჯანაძის თქმით, პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე პანდემიას საერთოდ ვერ მართავენ და გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეისთვის არის მიღებული აბსურდულია.
“როგორც დღეს იმართება პანდემიური სიტუაცია გამყრელიძისა და იმნაძის მიერ, ასე მეორე კლასელიც წარმართავდა ვითარებას. “მწვანე პასპორტს” სულ სხვა მიზანი უნდა ჰქონოდა და მე ამის მომხრე ვიყავი. მას იმუნიზაცია უნდა დაეჩქარებინა და დაეცვა საზოგადოება, ახლა კი ის მხოლოდ აბსურდულ რეგულაციას და ე.წ ფიქციას წარმოადგენს. “”მწვანე პასპორტმა” კარგი ვერაფერი მოგვცა, ამიტომ უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.
“მწვანე პასპორტი გასაუქმებელია” – შოთა ბურჯანაძე “მედიაცენტრ მთავარში”