მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატში სხვადასხვა საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩ დიეგო კოლას, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონულ დირექტორ სესილ კუპრის და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე. მინისტრის მოადგილემ ევროპის საინვესტიციო ბანკს მადლობა გადაუხადა ზემო სამგორის საირიგაციო პროექტის მომზადების მხარდასაჭერად გაწეული საკონსულტაციო მომსახურებისთვის.

საუბარი შეეხო მიწის მართვის,  მესაქონლეობის, ასევე, კლიმატის ცვლილების და  ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, 300,000 ევროს ოდენობის გრანტი გამოყო. AFD-ის მხარდაჭერა მიწის მდგრადი მართვის ფრანგული მოდელის შესწავლას, საფრანგეთის მიწის სააგენტოს „SAFER” საქმიანობის გაცნობას და საქართველოში მიწის მდგრადი მართვის მოდელის დანერგვის პერსპექტივების განხილვას და შეფასებასაც ითვალისწინებს.

მსგავსი თემები