შშმ პირის ცემაში ბრალდებულები აცხადებენ, რომ ვიდეოკადრებში ისინი არ ფიგურირებენ

პროკურატურა გეგმავს, ვიდეომასალას, სადაც ჩანს, როგორ ცემს ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი შშმ არასრულწლოვანს, ექსპერტიზა ჩაუტაროს. აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ ბრალდებულები უარყოფენ რომ ვიდეოში სწორედ ისინი ფიგურირებენ.

საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პოლიციელების ხელმძღვანელიც დაიკითხა, რომელმაც ბრალდებულები ამოიცნო.

„ჩვენება ორივე ბრალდებულს აქვს მიცემული. დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილითაც და თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, რომ 23 იანვარს, ისინი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას მეტროსადგურ “ისნის” შენობაში, თუმცა,  ორივე, აღნიშნულ ბრალს უარყოფს. ჩვენ ვმორიგეობდით, ჩვენ ვასრულებდით სამსახურეობრივ მოვალეობას, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ კადრებშიო, ასე ამბობენ. ბრალდებულებისთვის კადრები წარდგენილი გვაქვს და უარყოფენ, რომ ისინი არიან. თუმცა, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თანამშრომელია გამოკითხული, რომელმაც ვიდეოჩანაწერებში ორივე პირი ამოიცნო. მეტროსადგურის ყველა აუდიო-ვიდეოჩანაწერი ამოღებულია, თუმცა, სადაც ძალადობა მოხდა, ვიდეოკამერები არ ყოფილა, თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები ფიქსირდება”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.

პატრულ-ინსპექტორს კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მსგავსი თემები