რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ თბილისში უსახლკაროს სტატუსი მიიღოს?!

ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაზუსტდა კრიტერიუმები, რომლის თანახმადაც თბილისში მცხოვრებ პირებს, ან ოჯახებს, უსახლკაროს სტატუსი უნდა მიენიჭოთ. შესაბამის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირი აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იყოს ქ.თბილისში,  ბოლო ორი წლის მანძილზე არ უნდა უფიქსირდებოდეს საზღვრის კვეთა და ასევე, მის სახელზე არ უნდა ფიქსირდებოდეს არც საცხოვრებელი სახლი და არც ავტომობილი.

ცვლილებების თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი სტატუსს მიიღებს თუ  შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში და უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის უწყვეტად რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ შორის, ისეთი პირი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;

ბ) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი არის სრულწლოვანი;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება;

დ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი;

ე) შესაბამისი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  არ დასტურდება პირის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას  პირს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით;

ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში მის მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციასა და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის 2 (ორი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება). გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით;

ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი (თუ ის არის შრომისუნარიანი) რეგისტრირებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.“

 

მსგავსი თემები