„ნულოვანი ტოლერანტობა კოვიდ 19-ის მიმართ“ – ჩინეთის ელჩის – ლი იენის ექსკლუზიური ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

„ბოლო დროს, ჩინეთში ომიკრონის შტამით ინფიცირების იმპორტირებული შემთხვევები და იმპორტირებული წყაროებიდან ლოკალურად გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა, შესაბამისად, ზოგიერთ ქალაქში დროებითი კონტროლის ზომები მიიღეს“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში „მედიაცენტრ მთავართან.“

რა ვითარებაა ჩინეთში კოვიდპანდემიის მხრივ, როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას, რა რეგულაციები მოქმედებს, როგორია ეკონომიკური დანაკლისი და გათვლები, როგორ ემზადებიან გაზაფხულის დღესასწაულისთვის, ანუ, ახალი წლისთვის – ამ და სხვა საკითხებზე, „მედიაცენტრ მთავარს“  ექსკლუზიურად ჩინეთის ელჩი ლი იანი ესაუბრა.

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორია ჩინეთში პანდემიის მხრივ მდგომარეობა? რა რეგულაციები მოქმედებს ამ ეტაპზე? როგორია მზადებაომიკრონისგასამკლავებლად?

ლი იენი: კოვიდ-19-ის ვირუსის გამუდმებული მუტირების გამო, პანდემია მთელს მსოფლიოში გრძელდება. “ომიკრონის” შტამი ძლიერ გადამდებია, უსიმპტომო ინფიცირებულთა რაოდენობაც უფრო მეტია, რაც ქვეყნებისთვის სერიოზული გამოწვევაა. ბოლო დროს, ჩინეთში ომიკრონის შტამით ინფიცირების იმპორტირებული შემთხვევები და იმპორტირებული წყაროებიდან ლოკალურად გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა, შესაბამისად, ზოგიერთ ქალაქში დროებითი კონტროლის ზომები მიიღეს.

ეპიდემიის ახალი ტალღის პირობებში, ჩინეთი პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებს “საზღვარგარეთიდან იმპორტის პრევენციისა და შიდა გავრცელების თავიდან აცილების” პრინციპით ახორციელებს. ეპიდემიის ეფექტური კონტროლის ზომები მოიცავს: საზღვარზე შემოსული ხალხისა და საქონლის მკაცრად ინსპექტირებას, ეპიდემიის რისკის ზონების მეცნიერულ კლასიფიკაციას,  შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ ნუკლეინის მჟავის ტესტით სკრინინგის სწრაფად ჩატარებას, საიზოლაციო და საკარანტინო ღონისძიებების მკაცრად გატარებას, სამედიცინო მკურნალობისა და სხვა მეთოდების გაძლიერებას და კოვიდ-19-ის მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის გატარებას.

ამავდროულად, მოვუწოდებთ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ, ყოველდღიურად ნიღბების ტარებისკენ,  დეზინფექციის ხშირად გაკეთებისკენ და ა.შ. ჩინეთს შეუძლია სწრაფად მართოს და გააკონტროლოს იმპორტირებული შემთხვევების ადგილობრივი გავრცელება და როგორც წესი, ერთ-ორ თვეში შემთხვევების რაოდენობა ნულამდე დაიყვანოს. ჩინეთმა ეპიდემიასთან ბრძოლაში  სტრატეგიულ გამარჯვებას უკვე მიაღწია. ჩინეთში ჩამოყალიბდა ეპიდემიის პრევენციის ეფექტური სისტემა, რომელმაც უზრუნველყო ნორმალური სოციალური და ეკონომიკური  განვითარება და რაც მთავარია, მოსახლეობის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

მედიაცენტრი მთავარი“: ჩინეთში ეკონომიკური და სოციალური ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდა? როგორ განვითარდა ჩინეთის ეკონომიკა 2021 წელს და რას ელოდებით 2022 წლისთვის?

ლი იენი: რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მონაცემები გამოაქვეყნა. 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკის მთლიანმა მოცულობამ 17.7 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.1%-ით გაიზარდა, რითაც ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 18%-ზე მეტია, ხოლო მისი წვლილი გლობალური ეკონომიკის ზრდაში დაახლოებით 25%-ია. 1,4 მილიარდიანი ჩინეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 12,551 აშშ დოლარია, სავალუტო რეზერვების ბალანსი კი 3.2502 ტრილიონი აშშ დოლარია.

ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წელს იმპორტისა და ექსპორტის მოცულობამ 6,05 ტრილიონ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 21,4%-ით გაიზარდა, რითაც ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს პირველ ადგილს მსოფლიოში და ამ მაჩვენებლით ახალი ისტორიული რეკორდიც დაამყარა.

ეპიდემიის ეფექტური კონტროლის შედეგად, ჩინეთში წარმოება და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიდის; ეროვნული სიძლიერე, სოციალური პროდუქტიულობა და ხალხის ცხოვრების დონე კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ამჟამად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შიდა და საერთაშორისო “ორმაგი ციკლის” ურთიერთ სტიმულირებას ეყრდნობა. შიდა მოთხოვნის ზრდა – იმპორტის სტიმულირებას, ხოლო საგარეო მოთხოვნის ზრდა – ექსპორტის სტიმულირებას უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეპიდემიით გამოწვეული რისკები ჯერ კიდევ არსებობს და ეკონომიკური გარემოც სულ უფრო რთული და მძიმეა, ჩინეთის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძვლები და განვითარების ახალი მოდელის შესაქმნელად აუცილებელი ხელსაყრელი პირობები არ შეცვლილა, ეკონომიკური ზრდა გაგრძლდება. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ წელს განვითარებისთვის უფრო მყარი საფუძველი, უკეთესი პირობები და უფრო მეტი სტიმული იქნება.

მედიაცენტრი მთავარი:“ წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდება. საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც გკითხავთრა გეგმებია ახალი 2022 წლისთვის?

ლი იენი: 2022 წელს 30 წელი გახდება, რაც  ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.  ამ 30 წლის მანძილზე, ჩინურ-ქართული ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება, პოლიტიკური ნდობა მუდმივად იზრდება, პატივს ვცემთ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ერთმანეთის მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზას; „სარტყლისა და გზის“ და სხვა სფეროებში პრაგმატული თანამშრომლობა სულ უფრო ძლიერდება, ტრადიციული მეგობრობა ეპიდემიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში კიდევ უფრო განმტკიცდა და ყველას დავანახეთ, რომ მეგობარი გასაჭირში იცნობა. ოცდაათწლიანმა ურთიერთობებმა მყარი საფუძველი შექმნა ორმხრივი ურთიერთობების მუდმივად მაღალ დონეზე გასავითარებლად.

2022 წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში მნიშვნელოვანი წელი იქნება. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართულ მხარესთან ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, “სარტყლისა და გზის” ერთობლივი მშენებლობა და სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა, ხელი შევუწყოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების როლის გაძლიერებას, ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების და ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის გაღრმავებას. დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენი საელჩო მრავალფეროვანი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს, რათა ყოველმხრივ მიმოვიხილოთ ორ ქვეყანას შორის გასული 30 წლის განმავლობაში განვითარებული მეგობრული ურთიერთობები და განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივები. მივესალმებით ქართული საზოგადოების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობას ამ ღონისძიებებში.

მედიაცენტრი მთავარი:“ მალე ჩინური ახალი წელი დადგება. როგორ ემზადება ჩინელი ხალხი ახალი წლისთვის და პანდემია თუ იმოქმედებს საზეიმო განწყობაზე? როგორ და სად შეხვდება ელჩი ახალ წელს?

ლი იენი: გაზაფხულის დღესასწაული – ეს არის ახალი წელი, რომელიც ჩინური მთვარის კალენდრით დგება და საიდანაც სიცოცხლის ახალი ციკლი იწყება ბუნებაში. გაზაფხულის დღესასწაული ჩინური კულტურის საუკეთესო ტრადიციებს აერთიანებს. ამ პერიოდში მთელს ჩინეთში ტარდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ძველის მოცილება და ახლის შეძენა, ბოროტი სულების განდევნა და ლოცვით უბედურების თავიდან აცილება, წინაპრების, შინ დროის მშვიდად გატარება ა.შ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩინელებისთვის, რა დროსაც მთელი ოჯახი თავს იყრის, რათა ერთად დაემშვიდობონ ძველს და შეეგებონ ახალს.

ეპიდემია ჩინელი ხალხის საზეიმო განწყობაზე ვერ იმოქმედებს. ხალხის უმრავლესობას საშუალება ექნებათ, ადგილობრივი ეპიდსაწინააღმდეგო პოლიტიკის შესაბამისად,  უსაფრთხოდ დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქებში, რათა ოჯახებთან ერთად აღნიშნონ გაზაფხულის დღესასწაული. უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ოჯახური შეკრების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველას ადგილზე აღნიშნონ დღესასწაული და თავი შეიკავონ “არააუცილებელი და არასასწრაფო მოგზაურობისგან”, რათა ახალი წლის პერიოდში შემცირდეს ხალხის მიმოსვლა და თავიდან ავიცილოთ მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფექციის გავრცელების რისკები.

ეპიდემიის და სამსახურის გამო, წელს მე და ჩემი გუნდი თბილისში ვრჩებით. ახალ წელს ოჯახებთან ერთად ვიდეო კომუნიკაციის საშუალებით აღვნიშნავთ და საელჩოს საახალწლო ორნამენტებით მოვრთავთ, საახალწლო ორტაეპედებს გავაკრავთ, ფარნებს დავკიდებთ, პელმენებს მოვახვევთ და ა.შ., რათა ჩვენი საელჩოს პატარა ოჯახში ჩინური საახალწლო სურნელი დატრიალდეს. 2022 წელი ჩინური მთვარის კალენდრით არის ვეფხვის წელი. ჩინურ კულტურაში ვეფხვი იღბლის, გამბედაობის და ჯანმრთელობის სიმბოლოა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა ჩვენს ქართველ მეგობრებს და საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს მივულოცო ჩინური ახალი წელი და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო. ყველას გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახში ბედნიერებას, ყველა სურვილის ასრულებას და ვეფხვის ძლიერებას!

მედიაცენტრი მთავარი:“ პეკინის ზამთრის ოლიმპიადა მალე ოფიციალურად გაიხსნება. როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები? თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

ლი იენი: 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება, რისთვისაც სხვადასხვა სახის სამუშაოები უკვე დასრულდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივი შეთანხმებით, ოლიმპიადა „დახურული წრის“ მოდელით ჩატარდება, რისთვისაც ჩინურმა მხარემ სრულყოფილი გეგმა დაამტკიცა.

საცდელი შეჯიბრებების დროს ყველა დარბაზი გამართულად ფუნქციონირებდა. ყველაფერი მზადაა და მწყობრშია. ზამთრის ოლიმპიური თამაშების მთავარმა მედიაცენტრმა საცდელი ფუნქციონირება დაიწყო, ოლიმპიური სოფელი კი ოფიციალურად 27 იანვარს გაიხსნება. არაერთი ქვეყნის სპორტსმენები და პერსონალი უკვე პეკინშია. ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოს „უბრალო, უსაფრთხო და ბრწყინვალე“ ზამთრის ოლიმპიადას ვაჩუქებთ. თითოეული მონაწილე გაზაფხულის მსგავს სითბოს იგრძნობს. ეს ოლიმპიადა მსოფლიოს ერთობას, რწმენას და ძალებს შეჰმატებს.

პეკინი პირველი ქალაქი იქნება მსოფლიოში, რომელიც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. ეს პეკინისა და მთელი ჩინელი ერისთვის დიდი პატივია. მსოფლიოში არსებული მძიმე ეპიდემიოლიგიური ვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეშვეობით ოლიმპიური სულისკვეთების კიდევ ერთხელ დემონსტრირება, კაცობრიობის ერთობის, თანამშრომლობის და სირთულეების წინააღმდეგ თანადგომის დემონსტრირება. საინტერესო თამაშების გარდა, მე პირადად განსაკუთრებით ველოდები გახსნისა და დახურვის ცერემონიებს. ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების დამდგმელი არის ბატონი ჭანგ იმოუ, რომელიც თავის დროზე პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს რეჟისორობდა. ერთად დაველოდოთ მის შემოქმედებას.

რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, 9 ქართველი სპორტსმენი ემზადება ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის. ვუსურვებ მათ ყოველმხრივ წარმოაჩინონ მომზადების დონე და შესანიშნავ შედეგებს მიაღწიონ. გაგვიხარდება, თუ ჩვენი ქართველი მეგობრები ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით თვალს მიადევნებენ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, უგულშემატკივრებენ სპორტსმენებს და მათთან ერთად გაიზიარებენ ოლიმპიურ სულისკვეთებას.

 

მსგავსი თემები