საახალწლო გალაკონცერტი ქართულ კინომუსიკაზე იქნება აგებული

2019 წლის საახალწლო გალაკონცერტი​ს კონცეფცია, რომელიც თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის ღამით დაიწყება, ქართულ კინომუსიკაზეა აგებული. ასევე, შესრულდება საშობაო სიმღერები და ყველა დროის და ყველასთვის საყვარელი ჰიტები.​ კონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება და გამთენიისას დასრულდება. ​კონცერტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 519  780 ლარი დაიხარჯება.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, თითქმის 4 საათიან კონცერტში 201 მუსიკოს-შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა ამერიკული ბენდი NewYork Voices-ი, ასევე, ქართველი შემსრულებლები – ლიზა ბაგრატიონი, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, შვიდკაცა, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი მახარაშვილი და სხვა. ღონისძიების მთავარი ღერძი იქნება ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

მათივე განმარტებით,  ღონისძება მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი  მიზნების მიღწევას ემსახურება.  მრავალფეროვანმა საახალწლო ღონისძიებებმა, წარუშლელი შთაბეჭდილება უნდა დატოვონ, როგორც დედაქალაქის მცხოვრებლებზე, ასევე უცხოელ სტუმრებზე.

 

მსგავსი თემები