აფხაზი მებაღეები მანდარინის მთელი წლის მოსავალს რუსეთის საზღვარზე ყრიან

აფხაზეთის მოსახლეობა, მანდარინის მთელი წლის მოსავალს ანადგურებს. ციტრუსით სავსე სატვირთოებს რუსეთის საზღვართან ცლიან და პროდუქტს ანადგურებენ. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდზე – “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი”, (Легион информационной обороны) გავრცელდა. ​ვიდეოში ჩანს, თუ ტონობით მოსავალი, როგორ იყრება გზაზე და ნადგურდება.

“მედიაცენტრი მთავარი” ვითარების გარკვევას სოციალური ქსელის აფხაზი ეროვნების მომხმარებლებთან შეეცადა, თუ რის შესახებ საუბრობს კადრს მიღმა აფხაზური ხმა, მაგრამ მათ ჩანაწერის გათადარგმნა არ ისურვეს.

“ცუდად ნუ მიიღებთ, მაგრამ არ გეტყვით, თუ რის შესახებ არის საუბარი კადრს მიღმა. ის რასაც ამბობს ჩვენი პრობლემაა და ამიტომ საუბრობს აფხაზურ ენაზე. ყველასთვის გასაგებად რომ სდომოდა, რუსულად იტყოდა. ძალიან ბევრს, ქართველების მხრიდან, წარმოუდგენია რომ აქ არაფერია და ამას დაცინვით ამბობენ. აქ საკმარისად გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა”, – აცხადებს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.

ვიდეოს სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა კომენტარები რუსულ ენაზე: “ხალხი მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა და მთელი მათი შრომა, სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების არქონის გამო, წყალში იყრება”;
“მანდარინით ბევრი წვენს და მურაბას აკეთებს, იაფად გაეყიდათ, ან ვინმესთვის ეჩუქებინათ, გადაყრას აჯობებდა”;
“რატომ არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტზე. რატომ არ არსებობს ჩაბარების პუნქტები, სადაც აფხაზეთის მოსახლეობა შეძლებდა სოფლის მეორნეობის პროდუქციის ჩაბარებას?”;
” მინისტრების კაბინეტების წინ უნდა დაყარონ ეს მანდარინები”;
“ერთი წელია, ამბობენ, რომ მოსკოვში გაიხსნა სავაჭრო ცენტრი აფხაზური სახლი, სადაც უნდა გაყიდულიყო აფხაზეთის ბრენდული პროდუქცია”;
“ერთი წლის წინ გაიხსნა ჩაბარების პუნქტი, ამის შესახებაც ხომ ამბობდნენ”;
“პრობლემაც ამაშია, რომ სარეალიზაციო პუნქტი გახსნეს, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენს ბაზარზე ზემოქმედება ხორციელდება. როგორც ჩანს, მონოპოლისტს ელოდებიან”;
“რა ძნელი მისახვედრია. რაც უფრო ცუდია საქონელი, მით მეტი სარგებელი აქვთ ჩვენს ქურდს ჩინოვნიკებს. მათ ურჩევნიათ სხვა ქვეყნის პროდუქცია შემოიტანონ, ვიდრე საკუთარი გაყიდონ”;
“განა რა უშლიდა ხელს რუსეთს, გაეხსნა საზღვარი, შეეტანა ეს პროდუქტი თავის ქვეყანაში და თავიანთი მოქალაქეები გამოეკვება გემრიელი, ტკბილი მანდარინებით. ასეთი მოსავლის განადგურება ხომ ცოდვაა?  საზღვარი ჩაკეტესო. საერთოდ არ უნდა ჩაეყო რუსეთს ცხვირი აფხაზეთის საქმეებში, მაშინ არ იქნებოდა ეს ქაოსი. დარწმუნებული ვარ, ამ მანდარინებს შორის, ჩემი ბაღის მანდარინებიც არის, რომელსაც მე და ჩემი შვილები ვერ ვაგემოვნებთ. ღმერთმა განსაჯოს ისინი, ვისაც ამაში ბრალი მიუძღვით”.

მსგავსი თემები