პიროტექნიკით ძირითადად ბავშვები ზიანდებიან – საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიმართვა  

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  სადღესასწაულო დღეებში, პიროტექნიკის მასობრივად გამოყენებისას ძირითადად ბავშვები ზიანდებიან, რომლებმაც არ იციან მისი გამოყენების წესები და რისკის ფაქტორს ვერ ითავისებენ.

​საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მიმართავენ მშობლებს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ პიროტექნიკასთან დაკავშირებით და საკუთარ შვილებს მიაწოდონ. აკრძალულია პიროტექნიკის მცირეწლოვან ბავშვებზე გაყიდვა. ასევე, აუცილებელია, პიროტექნიკის ნაწარმს თან მოჰყვეს ინსტრუქცია, სადაც, მითითებული იქნება ნაწარმის ვარგისიანობის ვადა, გამოყენების, შენახვისა და უსაფრთხოების პირობები. ​

​როგორცმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ჯანგებაშვილმა განაცხადა,ყველა პიროტექნიკურ ნაწარმზე მითითებული უნდა იყოს დაყოვნების დრო. ის 2 წმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც 10 წმ-ზე მეტს აჭარბებს. ბავშვმა ამის შესახებ არ იცის, ის განმეორებით ამოწმებს ანთებულ ფითილს, რა დროსაც ხორციელდება აფეთქება და ბავშვი ღებულობს სხეულის დაზიანებებს.​

“მშობელი იყოს ინფორმირებული, რომ შეძლოს საკუთარი შვილის დაცვა, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია. რაც მეტი ინფორმაცია ექნება მოსახლეობას, მით მაღალია პრევენციის ხარისხი. რაც მთავარია,  მშობელმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ბავშვი. პიროტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, ბავშვი რისკებს ნაკლებად აფასებს”, – განაცხადა ირაკლი ჯანგებაშვილმა “მთავარში“.

მისივე თქმით, საახალწლო და სხვა სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოების წესები დამატებით მკაცრდება საგანგებო სამსახურის მხრიდან. სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოწმდება ის ობიექტები, სადაც მასობრივი ღონისძიებები იმართება. ძირითადი აქცენტი კეთდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე, სადაც, წლის ბოლოს, საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იმართება. ყველა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელია ინფორმირებული, რომ პიროტექნიკის შენობა-ნაგებობებში გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

​პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის საფრთხე არსებობს. სიცოცხლისთვის საშიში ფაქტორი ნაკლებად არის, მაგრამ პიროტექნიკური ნაწარმის არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში, ხშირია სხეულის დაზიანებების და ხანძრის საშიშროება. ძირითადი დაზიანებებია თითებისა და თვალის გუგის დამწვრობა. ​საგანგებო სიტუაციების სამსახურის მხრიდან, კონკრეტულად ყველა დახლზე და ყველა ბაზრობაზე მისვლა და თითოეული პიროტექნიკური ნაწარმის შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ, კანონი    რეალიზატორებს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს. მათ შორის, ტრანსპორტირების წესებისა და შენახვის პირობების დაცვას. უნდა გადაირჩეს ტრანსპორტირებისას დაზიანებული პიროტექნიკა და ასეთი ნაწარმი რეალიზაციაში არ ჩაეშვას”, – აცხადებს ირაკლი ჯანგებაშვილი.

​მისივე განმარტებით, ​პიროტექნიკური ნაწარმი რამდენიმე ჯგუფად იყოფა, კერძოდ, არის საბრძოლო-სამხედრო, სპეციალიზებული და სამომხმარებლო, ანუ გასართობი. პირველ ორზე სახელმწიფო კონტროლი ვრცელდება. სპეციალიზებული პიროტექნიკა ძირითადად ვიდეოგადაღებების დროს გამოიყენება. მაგრამ მესამე ვერ კონტროლდება, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა.

მსგავსი თემები