„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება უნდა დაიწყოს, სამშენებლო სექტორს ხელი შევუწყოთ – კახა კალაძე

​თბილისის მერია დედაქალაქში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხს აქტიურად განიხილავს. ორი საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება​. ავარიულ „ხრუშჩოვკებში“ მცხოვრები მოსახლეობის 100 პროცენტიანი თანხმობის გარეშე, შეუძლებელია ამ ადამიანების გამოყვანა და პროექტის განხორციელება.​

​როგორცმედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ამის გამო პროექტს სირთულეები პირველ ეტაპზევე ექმნება. ამის მიუხედავად, გარკვეული მიდგომები მუშავდება.

“მზად ვართ, ხელი შევუწყოთ სამშენებლო სექტორს, რომ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყოს. თამაშის წესები უნდა ჩამოვაყალიბოთ, როგორ ჩავანაცვლოთ ავარიული „ხრუშჩოვკები“, როდესაც სამშენებლო კომპანიებს აქვთ ინტერესი. ამ წესებს ძალიან მალე დავდებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაციით შეიქმნა ოპტიმალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებას. კერძოდ, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, პროექტის განხორციელების მიზნით.

საუბარია, ვარკეთილის მესამე მასივში არსებულ 4-სართულიან, ავარიულ “ხრუშჩოვკებზე”, მათ შორის ერთი დანგრეულია. გამგეობა უკვე 11 წელია შენობიდან გამოსახლებულ ოჯახებს ქირას უხდის.

ირაკლი ხმალაძის თქმით, აღნიშნულ რაიონში, ურბანული განვითარების სამსახური ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობს, შესაბამისი განაშენიანების ინტენსივობის პარამეტრების მინიჭებით. ამდენად, სამომავლოდ ბიზნესი და იქ მცხოვრებნი, მუნიციპალიტეტის ჩაურევლად შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ოპტიმალური შეთანხმების მიღწევას და დაიწყება ჩანაცვლების პროგრამა.

“ვარკეთილში ერთ საპილოტე პროექტს მუნიციპალიტეტი განახორციელებს, პარალელურად დამუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა ვარკეთილის მესამე მასივში განთავსებული ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩასანაცვლებლად“, – განმარტავს ირაკლი ხმალაძე.

მსგავსი თემები