ილია II-ის მოღვაწეობა, აღმშენებლობის ხანაა ქართული ეკლესიის ისტორიაში – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდი, უპრეცენდენტო აღმშენებლობის ხანაა ქართული ეკლესიის ისტორიაში. მისი მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე, ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. იგი მცხეთაში, პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი აშენდა, რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა.

“ეს არის მართლაც უპრეცენდენტო აღმშენებლობის ხანა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. მინდა, დიდი მოწიწებით მას უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ღვაწლისთვის, რაც მან შეიტანა და შეაქვს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საქმეში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ილია მეორე პატრიარქად 41 წლის წინათ, 44 წლის ასაკში აირჩიეს. 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში მის ინტრონიზაციას უამრავი ადამიანი დაესწრო. ქართველი პატრიარქების უძველესი მიტრა ილია მეორეს მანგლელმა და ალავერდელმა ეპისკოპოსებმა დაადგეს. აღსაყდრებამდე სიონის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრება ჩატარდა, სადაც ფარული კენჭისყრით ილია მეორე ერთხმად აირჩიეს.

​პატრიარქის აღსაყდრების დროს ქვეყანაში საბჭოთა რეპრესიების გამო ტაძრების და სასულიერო პირების რაოდენობა მკვეთრად იყო შემცირებული. სწორედ ილია მეორის სახელს უკავშირდება ეკლესიის და საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაახლოება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ახალი ტაძრების მშენებლობა, საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება, ამ გზით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართლმადიდებელი სამყაროსთვის უკეთ გაცნობა და პატრიარქის ძალისხმევის შედეგად 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის აღიარება.

ლია მეორის წვლილი განსაკუთრებულია 2008 წლის ომის მსხვერპლი ქართველი სამხედროების ცხედრების გადმოსვენების პროცესში.

თავად ილია მეორე, თავისი პატრიარქობის პერიოდს მზიან ღამეს ადარებს. ქადაგებას მადლობა გადაუხადა მრევლს, რომლის “დახმარებით და შემწეობითაც, უფლის მიერ დაკისრებული მძიმე ჯვრის ტარება” შეძლო.

​პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება დღეს, 10:00 საათზე სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა.

მსგავსი თემები