სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები მთავრობის შეთავაზებას არ ეთანხმებიან

თბილისის ზღვაზე მდებარე ყოფილი სანატორიუმ “ქართლის” მცხოვრებლები დევნილები ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს განცხადებით მიმართავენ.

ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზება პრობლემის მოგვარების მექანიზმს არ წარმოადგენს და სამუშაო ფორმატში დიალოგის გაგრძელებას და შეხვედრის​ ჩანიშვნას ითხოვენ.

“თქვენი უწყების მხრიდან წარმოდგენილი შემოთავაზება არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების რეალურ მექანიზმს. ამიტომ, ჩვენ სანატორიუმ “ქართლის“ მცხოვრებლები გამოვდივართ შემხვედრი წინადადებით, გთავაზობთ გამოსავლის გზებს და მოვითხოვთ შემდეგს:

  1. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უმოკლეს ვადაში, თბილისში, უკვე აშენებულ კორპუსებში მოახდინოს ბინების შესყიდვა სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები ყველა მოსახლისთვის და გადმოგვცეს, ან
  2. შეიქმნას რეალური მექანიზმი, რომ დევნილებმა შევძლოთ ბინების შესყიდვა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი:

ა) ბაზარზე ბინის საფასურის მოკვლევის საფუძველზე, კვადრატული მეტრის ფასი გაიზარდოს მინიმუმ 650 დოლარის ექვივალენტამდე ლარში.

ბ) თანხა ჩაირიცხოს ბინის მიმღები დევნილის ანგარიშზე და გაიყინოს შეძენამდე.

ზემოთ აღნიშნულის რეალიზებისთვის, გთავაზობთ სამუშაო ფორმატში დიალოგის გაგრძელებას და შეხვედრის ჩანიშვნას 25 იანვრის დღის ბოლომდე. ჩვენი მხრიდან სამუშაო ჯგუფში შევლენ: სანატორიუმ „ქართლის“ 4 მაცხოვრებელი, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი, იურისტი,“ – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მთავრობის შეთავაზებაა დევნილებმა მოიძიონ ბინები, რომლის ფასიც ერთი კვადრატული მეტრი – 550 დოლარის ფარგლებში იქნება, აქციის მონაწილეების თქმით კი, ეს თანხა დღესდღეობით საკმარისი არ არის და მის 650 დოლარამდე გაზრდას ითხოვენ.

სანატორიუმ “ქართლის” მცხოვრებლები განცხადებაზე პასუხს ხვალ საღამომდე ელოდებიან.

მსგავსი თემები