კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემის ფაქტს უარყოფენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტში, კანონდარღვევის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს.  საუბარია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემაზე.

კახაბერ კორძაია ტელეკომპანიას ტენდენციური სიუჟეტის მომზადებაში, ფაქტების გაყალბებასა და  საგანმანათლებლო დაწესებულების პოლიტიკურ სკანდალში გახვევის მცდელობაში ადანაშაულებს. იგი საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებს აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს.

“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული გაირკვეს სიმართლე, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს ყოველივეს და შედეგები ეცნობოს საზოგადოებას“, – აცხადებს კახაბერ კორძაია.

სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით განმარტებებს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  იურიდიული სამსახურიც აკეთებს და აცხადებენ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება და ამის დადგენა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მარტივია: “1.აზერბაიჯანელი მოქალაქე, რომელზედაც თითქოსდა გაიცა ყალბი დიპლომი, უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 3 წლის განმავლობაში სწავლობდა მირჯალალ ზეინალოვის სახელით, რაც მითითებულია ყველა უწყისში და დოკუმენტში. კვალიფიკაციის მინიჭებიდან დიპლომის გაცემამდე მან წარმოადგინა აზერბაიჯანის შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული გვარის ცვლილების დოკუმენტი, შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება უნივერსიტეტის და სამინისტროს რეესტრში და დიპლომი გაიცა შეცვლილ გვარზე – ქარგარლი.

2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს არასოდეს ჰქონია საქმე პროკურატურაში, მათ შორის, არც 2012 წლამდე.

3. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და მიიღო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უმაღლესი შეფასების დოკუმენტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავტორიზაციის დასკვნას ხელმძღვანელობდა ორი ბრიტანელი ექსპერტი და საბოლოო გადაწყვეტილება  ერთხმად  მიიღო 24-კაციანმა საბჭომ.

4. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის პროცესს პასუხისმგებლობით ეპყრობა ყველა სტუდენტი განურჩევლად  რანგისა და წარმომავლობისა. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მისაღებია მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომელთაც აქვთ გავლენა და ავტორიტეტი ფართო საზოგადოებაში“.

 

მსგავსი თემები