საარჩევნო სისტემაში ბევრი ღია ხვრელია, თითქმის არაფერი შეცვლილა – მარიამ შელეგია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგია​ აცხადებს, რომ დროა, საქართველოში არჩევნები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ელექტრონული სისტემით ჩატარდეს.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემაში ჯერ კიდევ ბევრი ღია ხვრელია და 2013 წლის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა.

​როგორც
 მარიამ შელეგიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მიზანია, საქართველოში არჩევნების ახალ რელსებზე გადაყვანა. ხმების დათვლის და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის დანერგვა.

“საქართველო იმსახურებს არჩევნების ახალ სტილს, არ უნდა შეგვეშინდეს რეფორმების. ბევრი რამ არის შესაცვლელი. ​​წლების განმავლობაში არჩევნებმა დაგვანახა, რომ არის ძალიან ბევრი ღია ხვრელი. უნდა შეიცვალოს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის სისტემა, რათა მისი ლეგიტიმაცია მაღალი იყოს. უნდა გადავიდეთ სრულიად ახალ სტილზე. ხმის დათვლა და ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით უნდა მიმდინარეობდეს. თბილისში პირადობის მოწმობების თითქმის 95% არის უკვე ბიომეტრული. ამდენად, დანერგილია ის ტექნოლოგიები, რომელიც მომავალში მოგვცემს საშუალებას გადავიდეთ არჩევნების  თანამედროვე სისტემაზე”, – აცხადებს მარიამ შელეგია.

​მისივე თქმით, საქართველო არის 21-ე საუკუნის სახელმწიფო, ის ატარებს ძალიან ბევრ რეფორმებს  სხვადასხვა სფეროში და მნიშვნელოვანია რეფორმების არჩევნების სისტემაშიც გატარდეს.

მარიან შელეგია ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასახელდა.

მსგავსი თემები