მინისტრის განცხადებით, „ხორავას მკვლელობაზე“ სამოხელეო გადაცდომით სს საქმე უნდა აღიძრას

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლეობა პირადად მისთვის, სამინისტროსთვის და ქვეყნისთვის უმძიმესია. როგორც გიორგი გახარია აცხადებს, გამოძიების პროცესში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და ფიქრობს, რომ სამოხელეო გადაცდომის მუხლით ძიება უნდა დაიწყოს. განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაკეთა.

“ამ თემაზე საუბარი მარტივი არ არის. არავის ეგონოს, რომ ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობის ზღვარი თუ დავადგინეთ და ამ პასუხისმგებლობის პერსონალიზირება დავიწყეთ, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ჰქონდა მანდატი, ემუშავა, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან იყო თუ არა გარკვეული გადაცდომები. ობიექტურად რომ ვთქვათ, კომისიამ ეს ვერ დაადგინა“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან მნიშვნელოვანი ვერაფერი გამოიძია.

„კომისიამ აბსოლუტურად გაუმართლებლად დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც კომისიამ დაადგინა და იყო ახლადგამოვლენილი ფაქტი. კომისიამ ვერ შესძლო დაედასტურებინა, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რაც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არჩატარებული და ამან საბოლოო შედეგზე იქონია თუ არა გავლენა. კომისიის მანდატი სწორედ ამის დადგენა იყო. როგორც შს მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა. გიდასტურებთ, დღესაც არ ვიცი, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არჩატარებული და იქონია თუ არა ამას საბოლოო შედეგეზე გავლენა. ვთვლი, რომ სამოხელეო გადაცდომებზე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმე. მზად ვარ, პირველი მივიდე და ჩვენება მივცე. ასევე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კომისიამ იმაზე, რაც მას უნდა შეესრულებინა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები