ევროკავშირის მიერ დაწუნებული ქართული თხილი, შესაძლოა შიდა ბაზარზე მოხვდეს – ხათუნა ახალაია

გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია არ გამორიცხავს, აფლატოქსინის მაღალი შემცველობის გამო ევროკავშირის მიერ დაწუნებული და უკან მობრუნებული ქართული თხილი, ადგილობრივ ბაზრებზე მოხვდეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ახალაიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ფერმერი, დაბრუნებულ პროდუქციას გადასარჩევად, კვლავ თავის ტერიტორიაზე გადაიტანს  კონტროლი ვერ განხორციელდება. ამიტომ აუცილებელია მობრუნებული პროდუქციის გასუფთავება მაღალი კონტროლის ქვეშ განხორციელდეს.

მისივე თქმით, ფაროსანასგან დაზიანებული თხილის მოსავალი, ისედაც არ არის მაღალი ხარისხის და ხელახლა გადარჩევით მისი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება.

​თხილის დახარისხება მისი ჩაბარების დროსაც ხორციელდება. არის პირველი, მეორე და ძალიან ცუდი ხარისხის თხილი, რომელსაც ზეთის წარმოებისთვის იყენებენ. წელს სამეგრელოში იმდენად ცუდი თხილის მოსავალი მოვიდა, რომ ვიფიქრე განადგურდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც იბარებენ, 1 ლარად და 50 თეთრად. ​მთლიანი პროდუქცია არ იყრება, თუმცა საკვები პროდუქტების წარმოებისთვის ის არ ივარგებს.  გამორიცხული არ არის ადგილობრივ, ღია ბაზრებზეც მოხვდეს”, – აცხადებს გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია.

​მისივე თქმით, როდესაც საქართველოში, ევროკავშირის ინტენსიური დახმარების პროგრამები დაიწყო,  ყველას ეგონა, რომ პირველ ეტაპზე კომპანიები შიდალაბორატორიული კვლევების გაძლიერებაზე იზრუნებდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა.

“სამწუხაროდ, ლაბორატორიების გაძლიერებაზე ზრუნვა მეასეხარისხოვანია. გასაძლიერებელია კომპანიებისთვის შიდალაბორატორიული კვლევები. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც კომპანია ენდობა რომელიღაც ლაბორატორიას. მაგალითად, ზუგდიდში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში მოსული თხილის მოსავალს კურირებენ, ამბობენ, რომ ჰქონდათ მსგავსი პრობლემები. თუმცა ეს არ არის ახალი. მწარმოებელი, რომელსაც უკან მიუბრუნდა პროდუქცია, თავიდან რომ გადაარჩევს მას, მუშახელს ისევ დაიქირავებს და ფულს დახარჯავს, მერე წაიღებს საზღვარზე, სერიოზულად იზარალებს.  ფაროსანასგან ისედაც განადგურებული მოსავალი, ისედაც დაბალი ხარისხის პროდუქცია, ძალიან ცუდ სტატისტიკამდე მივალთ საფერმერე მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

მსგავსი თემები