აღმაშენებლის გამზირზე ფიჭვების ჭრას თბილისის მერი გამოეხმაურა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, თითქოს, აღმაშენებლის გამზირზე ხეების უკანონო ჭრა ხორციელდება, თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაავადებული ფიჭვები ნამდვილად მოიჭრა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო და არსებობდა ჯანსაღი ხეების დაზიანების შესაძლებლობა.

მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც დაავადებული ხის დროულად არმოჭრის გამო, მოქალაქეები დაზარალდნენ და სხეულის დაზიანებები მიიღეს.

კახა კალაძემ სიცრუე უწოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით გასულ სიუჟეტს და განმარტა, რომ  დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ბევრი დაზიანებული ხეა, რომელთა ჩანაცვლებაზეც შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ.

„სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ბევრი დაავადებული ხე გვაქვს. რა თქმა უნდა, შესაბამისმა სამსახურებმა მათ ჩანაცვლებაზე უნდა იზრუნონ, რათა სხვა ხეები არ დაზიანდეს. დაავადებული ხეებისგან მოქალაქეებმა სხეულის დაზიანებაც კი მიიღეს. ამიტომ, ეს ყველაფერი თავიდან უნდა ავიცილოთ. პრევენციის მიზნით, აუცილებლად განახორციელეთ შესაბამისი ღონისძიებები. ამის მოთხოვნა იმ სპეციალისტების მხრიდანაც არის, ვისაც აღნიშნული მიმართულება ძალიან კარგად ესმის. მოჭრილი ხეების ნაცვლად, აუცილებლად ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, რომელიც ნუსხით წინასწარ არის დამტკიცებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ნერგების ნუსხის დამტკიცებაში ჩართულ შესაბამის სამსახურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს,  ხეების სანიტარული ჭრა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო და სულ, 20 000-მდე ძირი დაავადებული ​ხმობადი და ზეხმელი ხეები მოიჭრება.

ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

 

მსგავსი თემები