40 ათასი ავტომობილი დახარვეზდა, 4 000-ს აეკრძალა გზებზე გადაადგილება – ტექდათვალიერება

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დღემდე, დაახლოებით 130 ათასმა ერთეულმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, აქედან 90 ათასი ერთეული ითვლება ვარგისად, ხოლო 40 ათასი დახარვეზდა.  4 ათას ავტომობილს კი პირდაპირ აეკრძალა გზებზე გადაადგილება. ​დახარვეზებული სატრანსპორტო საშუალებების 30% განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მისულა.  აღსანიშნავია, რომ განმეორებითი ინსპექტირება ერთი თვის განმავლობაში უფასოა.

როგორც „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა, “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, გზებზე მოძრავი დაახლოებით 12 ათასი ერთეული სატრანსპორტო საშუალება, გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის.

“ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება საქართველოში. შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური. სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მილიონზე მეტ ავტომობილს შეეხება, რომელიც ფაქტობრივად ყველა ოჯახშია. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით გვაქვს 40 ინსპექტირების ცენტრი, რომლებიც 46 ლოკაციაზეა წარმოდგენილი. 89 ინსპექტირების ხაზი, სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც პირველი იანვრიდან ამოქმედდება. თბილისში ამჟამად არის 29 ინსპექტირების ხაზი, რომლის გაზრდა კიდევ იგეგმება”, – აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ძირითადი დახარვეზების მიზეზი ძირითადად არის გაუმართავი სამუხრუჭე და საჭის მართვის სისტემა, გამონაბოლქვი, დაზიანებული საქარე მინა, გაცვეთილი საბურავები – რაც ვიზუალური დათვალიერების შედეგად თვალსაჩინოა.

ძირითად პარამეტრებს რაც შეეხება, ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, ბოლო დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქარე მინას, დაუშვებელია ლაქები და ბზარები. ასევე, საბურავებს. უსაფრთხოების ღვედები, როგორც წინა, ასევე უკანა მგზავრებისთვის აუცილებლად მწყობრში უნდა იყოს.

“რეფორმის საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანი იყო პროცესის გამჭვირვალობა და კორუფციული რისკების შემცირება. ამ მიზნით, რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რათა პერსონალის ჩართულობა მაქსიმალურად ყოფილიყო შემცირებული. ​ფინანსურმა პოლიციამ გარკვეული ავტოგასამართი ცენტრები შეისწავლა, მიმდინარეობს მოკვლევა. ჩემი ინფორმაციით, 2 ცენტრს აქვს ბრალდება წაყენებული, საუბარია მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე და არა ფინანსურ მაქინაციებზე.  გამოკითხვის შედეგად დასტურდება, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ინსპექტირების დადებითი შედეგის მიღების შეთავაზება იყო, მაგრამ ეს მხოლოდ შეთავაზებას ეხებოდა. ეს სფერო არის ბიზნესსაქმიანობის ერთ-ერთი სფერო და მისი მფლობელის ინტერესში არ უნდა შედიოდეს ისეთი კორუფციული გარიგება, რაც, მცირე თანხის სანაცვლოდ, მაღალი რისკის ქვეშ დააყენებს საკმაოდ ძვირადღირებულ ცენტს, თავისი შენობა-ნაგებობით, ძვირადღირებული ხელსაწყოებით და ა.შ”, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა “მთავარში“.

მსგავსი თემები