“თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობები” – ოთხწლიანი პროექტის პირველი წიგნი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ავტორები, მანანა ქუთათელაძე და გიგი (გიორგი) წერეთელი, 19 დეკემბერს, 18:00 საათზე, საზოგადოებას რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგს წარუდგენენ.

„თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობები” ოთხნაწილიანი პროექტის პირველი წიგნია, სადაც აღწერილია ძველი თბილისის საზღვრებში არსებული ყველა კონფესიის 150 -ზე მეტი რელიგიური ნაგებობა.

პროექტის არსს და მიზანს წიგნის პროლოგში კარგად განმარტავს ცნობილი ისტორიკოსის სიტყვები: „დაიკარგა ძველი სიდიადის ძეგლები, რომლებიც ტფილისის ისტორიას მოგვაგონებდნენ. დაე, თქმულება მაინც შემორჩეს მათ შესახებ თანამედროვეთა და შთამომავალთა მეხსიერებაში“.

პროექტის და კერძოდ პირველი წიგნის მნიშვნელობაზე წერს დიმიტრი თუმანიშვილი: „სიტყვიერ მონათხრობს უხვი ფოტომასალაც უბამს მხარს, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ განხილულ ნაგებობათაგან არაერთი გამოუბრუნებლად და უკვალოდ არის გამქრალი.ყველაფერი; ერთად კი ჩვენი ქვეყნისა და მისი სატახტოს გამოვლილ გზას გვიხატავს … ამ გრძელი ისტორიის ერთი ფურცელი  უკვე თვით ეს წიგნიც გახლავთ…“

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, სამომავლო გამოცემები თბილისს შემოერთებულ სოფლებსა და დასახლებებში, ასევე დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოში აგებულ ტაძრებსა და რელიგიურ ნაგებობებს მიეძღვნება.

 

მსგავსი თემები