ახალი პრეზიდენტის რეზიდენციაში ჟურნალისტებისთვის პრესკლუბი იმუშავებს  

ახალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დღეს, ათონელის ქუჩაზე მდებარე, ისტორიულ შენობაში მიიღო, სადაც დღეიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსდა. სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.

“აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს ასევე სხვა მოსაზრება, რომ ურთიერთობა გვქონდეს სხვა ფორმატითაც.  შემეძლოს თქვენთან საუბარი – off the record საკითხებზე, რომელიც საჭიროა, რომ იცოდეთ და არ არის აუცილებელი, მაშინვე გახდეს საჯარო ინფორმაცია. ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში მქონდა, რომელსაც ჩემი პრესკლუბი ერქვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პრესასთან ურთიერთობას კვლავ ნათია პავლიაშვილი განაგრძობს, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება და მას ახალი კადრები შეუერთდება. კვირის ბოლომდე იქნება ცნობილი, თუ ვინ იქნება მთავარი ბირთვი.

​პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაშა ჟვანია მისი ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად გუშინ დანიშნა. მისივე თქმით, პარლამენტთან თანამშრომლობის მიმართულებით უკვე ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხზე, მისი საპარლამენტო მდივანი პარლამენტს დღეს მიმართავს. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ მას, პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება.

„ ეს პროცედურა გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და რეგლამენტში. არსად წერია, რა ვადაში უნდა მიმართოს კონკრეტულად პირმა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. აქედან გამომდინარე ვაპირებთ, დღეს მივმართოთ და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ქალბატონ სალომეს შეუწყდება პარლამენტის უფლებამოსილება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები