გადასახადების დონე საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება – მამუკა ბახტაძე

​პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა მოწადინებულია, რომ  გადასახადების დონე საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაბალი საგადასახადო წნეხია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ინკლუზიურ ზრდას და იმას, რომ ეკონომიკაში იზრდებოდეს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. სხვაგვარად სიღარიბე ვერ დაიძლევა.

“თუ შევხედავთ ჩვენს რეიტინგს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. საქართველოში არის დაბალი გადასახადები და ბუნებრივია, ამ გზით მოძრაობა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ამავე დროს, პარალელურად უნდა მოვხსნათ სხვა ბარიერები, რომელიც ხელს უშლის საქართველოში ბიზნესის ჩვენთვის სასურველი ტემპებით განვითარებას და ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებას. პირველ რიგში მინდა გამოვყო ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ბარიერები კაპიტალზე წვდომასთან და ზოგადად  დაფინანსების წყაროებზე წვდომასთან. დაფინანსების ინსტრუმენტების პალიტრა  საკმაოდ მცირეა და ჩვენ ის აუცილებლად უნდა გავზარდოთ. ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივაა სასტარტო კაპიტალის რეფორმა, რომ გავაჩინოთ სასტარტო კაპიტალი უფრო აქტიურად ქვეყანაში, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა სიცოცხლისუნარიანი პროექტის რეალიზაცია”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არ არის იმის ფუფუნება, რომ სიცოცხლისუნარიანი და კონკურენტუნარიანი პროექტები საქართველოში ვერ ხორციელდებოდეს იმის გამო, რომ წვდომა სასტარტო კაპიტალზე არის შეზღუდული.

პრემიერის შეფასებითც, გადასახადების ნაწილში  აუცილებლად უნდა დაცული სამართლიანობის პრინციპი.

“იცით, რომ საგადასახადო წნეხი, რაც ჰქონდათ მცირე მეწარმეებს და მსხვილ კომპანიებს, იყო განსხვავებული. საგადასახადო წნეხი მცირე მეწარმეებზე იყო უფრო მეტი და ეს დააკორექტირა ეგრეთ წოდებულმა ერთ პროცენტიანმა გადასახადმა. შესაბამისად, გადასახადების ნაწილშიც უნდა გვესმოდეს, რომ გადასახადების შემცირებაც, როგორც ყველა ეკონომიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს სიღარიბის დაძლევას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მსგავსი თემები