“350 ათასი ხმის გაყალბება, მერწმუნეთ, წარმოუდგენელია” – სიმონ ნოზაძე დმანისის შემთხვევაზე  ​

​​პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ დაინტერესდა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს დმანისის N 24-ე საარჩევნო უბანზე არჩევნების შესაძლო გაყალბებისა და ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტით, რის შესახებაც ვიდეოკადრები მედიაში გავრცელდა.  ოფიციალური ოქმის მიხედვით, აღნიშნულ უბანზე პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 85 ხმა მიიღო, მაშინ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია 125 -ზე მეტი ზედმეტი ბიულეტენის ჩაყრის შესახებ.

როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცეტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, ცალკეულ უბნებზე დარღვევები მართლაც იყო, მაგრამ 350 ათასი ხმის გაყალბება წარმოუდგენელია.

“ხაშურის საარჩევნო ოლქში, რომელ უბანზეც მე ვიყავი, იქ არჩევნები არ გაყალბებულა. საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოსახატავად სრული თავისუფლება ჰქონდათ. რაც შეეხება დმანისის ფაქტს, დავინტერესდი და გადმომიგზავნეს ოქმის პირი. ამბობდნენ 125 ბიულეტენი ჩაყარესო, სალომე ზურაბიშვილს კი ოქმში, 85 ხმა უწერია, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ იქ 125 ბიულეტენი არ ჩაყრილა, თორემ გაცილებით მეტი ხმა ეწერებოდა. შეიძლება დარღვევები იყო, ამას ვერავინ გამორიცხავს, ვერც ერთ ქვეყანაში. ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც ხდება ხოლმე ამგვარი რამ, მაგრამ არსებობს ცესკო, არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ. უამრავი დამკვირვებელი იყო ჩამოსული და მაშინ შეიძლებოდა ამის შესახებ დაწერილიყო საპროტესტო ოქმი და განიხილავდა კომისია”, – აცხადებს სიმონ ნოზაძე.

დეპუტატი არც იმ ვერსიას გამორიცხავს, რომ მსგავსი სცენარი ვინმეს მიერ განზრახ ყოფილიყო დადგმული საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით.

“შესალოა, რომელიმე უბანზე იყო დარღვევები და გაყალბების მცდელობა, მაგრამ გამორიცხულია, არჩევნები 350 ათასი ხმით მოიგო. ამდენი ხმის გაყალბება, მერწმუნეთ წარმოუდგენელია. არჩევნების შედეგები 49% -ით რომ დამთავრებულიყო, მაშინ ლაპარაკის მეტი საფუძველი ექნებოდა ოპოზიციას. როგორც ჩანს უჭირთ  დამარცხებასთან შეგუება და არ შეგუების ძალიან აგრესიულ ფორმას სთავაზობენ საზოგადოებას”, – მიაჩნია სანდრო ნოზაძეს.

აღსანიშნავია, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, 15 დეკემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ვიდეომასალა, რომელიც, მათივე თქმით, ამტკიცებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა – კადრებში ჩანს, რომ საარჩევნო ურნებში ბიულეტენები ჩაყარეს.

მსგავსი თემები