შსს-მ იმ ადამიანების დაბარება დაიწყო, ვინც კახეთის დაპირისპირებაში მონაწილეობდა

პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება ყველა იმ ადამიანს მოუწევს, ვინც პრეზიდენტის ინაუგურაციისას, კახეთში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. შსს-მ, ძალადობაში მონაწილე, უკვე გამოვლენილი პირების დაბარება უკვე დაიწყო.

„ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, პოლიციაში ყველას დაიბარებენ“, – აღნიშნული განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

„ყველა იმ გავრცელებულ ვიდეომასალას ვსწავლობდით, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით გავრცელდა. დიახ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. გარკვეული პირების იდენთიფიცირება უკვე მოვახდინეთ. ზოგს საგამოძიებო ორგანოში საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით დაიბარებენ, ზოგის მიმართ, იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, იძულების ღონისძიებები განხორციელდება. ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მუქარებს ანუ საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ამ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენები. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ერთ-ერთი ვის მიმართაც შსს საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძეა. მის სახლთან სამართალდამცველები დილიდან იმყოფებოდნენ. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, კირკიტაძის ქმედებებიდან გამომდინარე, პოლიციის დაინტერესება გასაკვირი არ უნდა იყოს.

„რაც შეეხება ბატონ კირკიტაძეს, ვინც მისი ქმედებები ნახა, არც უნდა უკვირდეს სამართალდამცველების დაინტერესება. თუ ნახეთ, მისი მხრიდან პოლიციელზე თავდასხმასა და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი. გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი კირკიტაძით. საგამოძიებო მოქმედებებში ყველა ის ადამიანი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერი იქნება ჩართული, ვინც რაიმე ფორმით, გუშინ კანონს არღვევდა“- შს მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები