„საოცრებანი არ გვაკლია, მაგრამ საოცრების წყურვილით ვკვდებით“ – ინტერვიუ ახალგაზრდა ხელოვანთან

  •  

“მე უბრალო ფანქარი ვარ,ბევრი არაფრისგან შევდგები – ხე, ლაკი, მარკა, გრაფიტის გული, ცოტა ლითონი და საშლელი მაგრამ, გპირდებით, შევეცდები გაგაოცოთ და ჩემს მიმართ მოწიწების გრძნობა აღგიძრათ”, – ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი ალექსანდრე კობეშავიძე. მან შეძლო ფანქარი ხელოვნების ნიმუშად ექცია. ფანქრის გულისაგან ხელნაკეთ მინიატურულ სკულპტურებს ქმნის. ქართლის დედა, პიზა, ეიფელის კოშკი, ბიგ-ბენი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ეს მისი ნამუშევრების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფანქრის გულიდან გაჩნდნენ. “მედიაცენტრ მთავარს” ალექსანდრე კობეშავიძე ესაუბრა:

​როდის გაჩნდა იდეა, რომ შეგეძლოთ ფანქრის გრაფიტზე შეგექმნათ სხვადასხვა მინიატურები?

​- ხატვის დროს, როდესაც ფანქრის წვერს ვთლიდი. გათლის პროცესს შევყევი და რამდენიმე წუთში ფანქარს რომ დავაკვირდი, რაღაც ფიგურას მივამსგავსე. ასე გაჩნდა ფანქრის გულში ფიგურების გამოსახვის იდეა. ეს იყო 3 წლის წინ. ამ დროის განმავლობაში ის იყო ჩემთვის საყვარელი ჰობი, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

– საქართველოში ან მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი ხელნაკეთი მინიატურები თუ შეგხვედრიათ?

– საქართველოში ვცადე მოძიება, თუმცა პირადად მე არ შემხვედრია და არ მინახავს. მსოფლიო მასშტაბითაც საკმაოდ ცოტა ადამიანი მისდევს აქტიურად ხელოვნების ამ სფეროს.

– როგორია მუშაობის პროცესი, რთული არ არის ფანქრის გულზე მუშაობა?

– ფანქრის გულზე მუშაობა მოითხოვს განვითარებულ ნატიფ მოტორიკას, მოქანდაკის ხედვას, ძლიერ ნებისყოფას და ჯანმრთელ ნერვებს. ნამუშევრები განსხვავდება სირთულის მიხედვით, საკუთარი გამოცდილებით ყველაზე მარტივ ნამუშევარს სულ ცოტა 4-5 საათი სჭირდება, ხოლო ყველაზე რთულ სკულპტურაზე მუშაობა გრძელდება 3-4 დღის და ზოგჯერ, კვირის განმავლობაში. მუშაობის დაწყებამდე აუცილებლად ვითვალისწინებ ფანქრის სისქეს და სიმაღლეს. ხშირად უბრალოდ წვერს გავთლი და დაახლოებით ნახევარი საათი ვუყურებ ფანქარს, ვცდილობ ვიზუალურად წარმოვიდგინო მასში გამოთლილი საბოლოო ფიგურა. როცა წარმოსახვით სურათს ნათლად ავაგებ, ვიწყებ ფანქარზე მუშაობას, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა გამადიდებელი ხელსაწყოს და საკანცელარიო დანის გარეშე.

– როგორ არჩევთ ნამუშევრის თემატიკას ?

– ძირითადად ვმუშაობ ინდივიდუალურ და კორპორატიულ შეკვეთებზე, ხოლო როდესაც საკუთარი იდეით ვქმნი ნამუშევარს ვცდილობ პირველ რიგში ფანქრის ზომებთან იყოს თანხვედრაში, ვგულისხმობ იმას, რომ ფანქარზე მუშაობისას დიდი ფუფუნება არ გაქვს ნამუშევარს სიგანე გაუზარდო და ა.შ. მიყვარს სხვადასხვა თემატიკაზე მუშაობა, მუსიკალური ინსტრუმენტები, მსოფლიო ღირსშესანიშნაობები და სხვა.

– ყველაზე მეტად რომელი მინიატურის გაკეთება გაგიჭირდათ?

– რთული იყო ანიმაციური ფილმის გმირი „რანგოს“ გაკეთება, თვალის თითოეული ხაზი არის გამოკვეთილი, ასევე, ქართლის დედაც, რომლის გაკეთებაც ორჯერ მომიწია, რადგან ხელი მომიტყდა. პიზის კოშკს, რაც შეეხება, ორი სირთულე შემხვდა, ერთი ის, რომ გადახრილი და სიმეტრიული უნდა ყოფილიყო და ასევე თითოეული ფანჯარა სათითაოდ უნდა დამემუშავებინა, რაც პიზის კოშკს არ აკლია. ყოველდღე რაღაც ახალი შეიძლება მომაფიქრდეს. ან რაღაც გმირი რაღაც აბსტრაქტული ფიგურა. აი დაახლოებით არაჩვეულებრივ გამოფენაში რომ არის „მე ამისგან გავაკეთებ“.

– რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

– ერთის დასახელება გამიჭირდება ყველა ძალიან მომწონს, თუმცა კიდევ უფრო მეტად ჩემი ფავორიტების სიაში შედიან პიზის კოშკი, თავისუფლების ქანდაკება, რანგო (ანიმაციური ფილმიდან) და სულ ახლახანს გაკეთებული ქამელეონი.

– სად შეიძლება თქვენი მინიატურების შეძენა?

– ამ ეტაპზე მინიატურების შეძენა შესაძლებელია სოციალურ ქსელში. ამ ზაფხულს გადავწყვიტე მისთვის უფრო ოფიციალური სახე მიმეცა და ასე გაჩნდა „ფანქart”, მომხმარებელი მას ძირითადად ფეისბუქის საშუალებით ეცნობოდა. იყო შემთხვევები Flea Market და Tbilisi street market -ზე, როცა მომხმარებელმა საკუთარი თვალით ნახა ნამუშევრები, რომელთა რეაქციამაც ძალიან დიდი სტიმული მომცა გამეგრძელებინა არჩეული საქმე.

– სამომავლო გეგმები…

– ამ ეტაპზე მინდა თბილისის ბაზარი მოვიცვა კიდევ უფრო ძირფესვიანად. ასევე, ვმუშაობ საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.

​ესაუბრა მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები