“ლაზიკა” გსურდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებით შეგევსოთ – დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილსა და ჭიაბერაშვილს პასუხობს 

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის  იმ განცხადებებს უპასუხა, სადაც ისინი საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასა და მიგრაციის  ზრდას, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებენ.
ხუნდაძის თქმით, წლების წინ, როდესაც გაეროს მოსახლეობის ფონდმა, საქართველოში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ღია განცხადება გააკეთა, სააკაშვილის იყო ქვეყნის პირველი პირი, ხოლო ჭიაბერაშვილი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი.
„სწორედ თქვენი მმართველობის პერიოდში გაერომ მიგითითათ, რომ თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებდით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობას მკვეთრი შემცირება ემუქრებოდა. დიახ, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კავშირშია დემოგრაფიულ მონაცემებთან, მაგრამ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010-2012 წლებთან შედარებით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული”, – აცხადებს დეპუტატი.
მისივე თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა მრავალშვილიანი ოჯახისა და მარტოხელა მშობლის სტატუსი, რომ აღარაფერი ითქვას, რეგიონების მიზანმიმართულ დაცლასა და თბილისიზაციაზე.
“თქვენ გამოაცხადეთ საყოველთაო პატიმრობა და ათიათასობით რეპროდუქციული ასაკის მქონე ახალგაზრდა ციხეში გამოამწყვდიეთ. თქვენი ერთადერთი დემოგრაფიული ინიციატივა იყო „ლაზიკას“ პროექტი, სადაც გსურდათ დიდი რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქეებით შეგევსოთ საქართველოს კლებადი მოსახლეობა. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ სულ რამდენიმე წელში მილიონობით ლარი დავხარჯეთ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. განვახორციელეთ არაერთი ინიციატივა: მშობიარობის დაფინანსება, დეკრეტული შვებულების გაზრდა, ყოველი მესამე და შემდგომი ახალშობილის დაფინანსება 6 რეგიონში; ავამოქმედეთ  „მთის კანონი“, აბორტები მიღებული კანონების შედეგად შევამცირეთ 10 000-ით, აღვადგინეთ მარტოხელა მშობლის სტატუსი და ა.შ. დღეს კი მალე მივიღებთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს და ვამზადებთ მათთვის სოციალურ პაკეტს”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
მიგრაციის ზრდას რაც შეეხება, დეპუტატის თქმით, ეს არის ვიზალიბერალიზაციის თანმდევი პროცესი. ვიზალიბერალიზაციის შედეგად, საქართველოსთან შედარებით რამდენჯერმე მაღალი იყო მიგრაციის კოეფიციენტი აღმოსავლეთ ევროპის, თუ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში.
მისივე ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში 2002 – 2013 წლებში,  ქვეყნიდან გავიდა 740 000 მოქალაქე. ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე 90-იან წლებში გასული მოსახლეობა.  “თქვენ გამუდმებით ატყუებთ ხალხს, მაგრამ ამ ციფრების წაშლას ვერ მოახერხებთ. დღეს საქართველოში შექმნილი უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა სწორედ თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია  და  როგორი ყალბი ცრემლებიც არ უნდა ღვაროთ პოლიტიკური ქულებისთვის, ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით,“- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

მსგავსი თემები