თელავისკენ მოძრაობა შეზღუდულია, აქციისთვის ოპოზიციის ლოკაციის ადგილი კი გადაკეტილი

ერეკლე მეფის ძეგლთან მისასვლელი ყველა გზა, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას აქცია აქვს დაანონსებული, გადაკეტილია. მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლებულია სპეციალური, უსაფრთხოების ღობე და მობილიზებულია პოლიცია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაიგეგმა. თელავში, იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, პოლიციას აქვს დაკეტილი. შსს აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს, პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. თელავში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. აღნიშნული ღონისძიების გამო, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია. უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,” – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი თემები