თამბაქოს ყველაზე ხშირად სასწავლო, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებში მოიხმარენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “თამბაქოს კონტროლის ალიანსმა” ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი, თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოების ღონისძიებაზე სტატისტიკა წარმოადგინა. კვლევის თანახმად, რომელიც ნახევარწლიან პერიოდს მოიცავს, თამბაქოს ყველაზე ხშირად სასწავლო, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებში ეწევიან.

მათივე ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების ფაქტები სასწავლო დაწესებულებების 10%-ში, სამედიცინო დაწესებულებების 5%-ში და საჯარო დაწესებულებების 4%-ში გამოვლინდა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ლელა სტურუამ დაჯილდოების დაწყებამდე განაცხადა, საანგარიშო პერიოდში “თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის” 95%-იანი აღსრულება გამოვლინდა. ბევრი დაწესებულება შემოწმდა, მათ შორის, სამასპინძლო ბიზნესი, ჩვეულებრივი ოფისები, საჯარო დაწესებულებები, სილამაზის სალონები და ა.შ.

​სამწუხაროდ, ჩვენ ყველაფერი არ შეგვიმოწმებია. რაც შევამოწმეთ იქაც არის გარკვეული დარღვევები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დარღვევები უფრო მცირდება, რაც კანონის აღსრულების სხვადახვა ეტაპი განხორციელდა. ვინაიდან, ახლა ზამთრის სეზონია, გვაქვს საშიშროება, რომ აღსრულების ნაწილი ცოტა არ მოდუნდეს და ადამიანებმა თამბაქოს მოხმარებისთვის გარეთ გასვლა არ დაიზარონ. ამიტომ ჩვენ მონიტორინგს გავაძლიერებთ და გავაგრძელებთ. მინდა, დავაანონსო, რომ დეკემბერში განსაკუთრებით გაძლიერებული მონიტორინგი გვექნება. ამის მიზეზი დეკემბრის თვეში არსებული მოლოდინია, რომ შესაძლოა, კანონმორჩილება შემცირდეს. ისეთ სამასპინძლო დაწესებულებებს, სადაც სიგნალები გვაქვს, რომ დარღვევა ფიქსირდება, დეკემბერში კიდევ ერთხელ აუცილებლად შევამოწმებთ და როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრები, დავუკავშირდებით 112-ს”,- განაცხადა ლელა სტურუამ.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი“ 2018 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს.

 

მსგავსი თემები