არსებულ პარლამენტს არ შესწევს უნარი ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს – ქეთევან პავლიაშვილი

ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი, ორი დღის წინათ, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება და მიაჩნია, რომ არსებული შემადგენლობის პარლამენტს არ შესწევს უნარი ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს.

ამ თვალსაზრისით, იგი პრეზიდენტის როლზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ მას უნდა ჰქონდეს უფლება დაითხოვოს პარლამენტი.

“იმ შეზღუდული უფლებების ფონზე, რაც ახალი კონსტიტუციით ახალ პრეზიდენტს განესაზღვრა, ჩემთვის და ჩემნაირად მოაზროვნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება დღეს ქვეყნის პრეზიდენტი. პრეზიდენტს მაშინ ექნებოდა მნიშვნელობა, თუ მას დღევანდელი პარლამენტის დათხოვნის უფლება ექნებოდა. სულ 2 დღის წინანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაანახა საზოგადოებას, რომ ასეთი შემადგენლობის პარლამენტმა არ შეიძლება ჩემი ქვეყნის და ჩემი ერის ბედი გადაწყვიტოს, ელემენტარულ ზნეობიობაზე არის საუბარი ორივე მხრიდან, ქალიან კაციანად“, – განაცხადა ქეთევან პავლიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას.

მისი აზრით, ახალი კონსტიტუციით, ქვეყნის პრეზიდენტს თუ არ ექნება იმის შესაძლებლობა, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ქვეყნის ცხოვრებაში, გაუგებარია რად უნდა უნდოდეს ამა თუ იმ ადამიანს იყოს პრეზიდენტი.

​როგორც ქეთევან პავლიაშვილი აცხადებს, ქვეყანაში დღეს არის კრიზისი ყველა მიმართულებით – პოლიტიკური, სოციალური, საეკლესიო და შიშობს, რომ ის სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

“ქართულ საზოგადოება დღეს გახლეჩილია და პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისი იქნება, რომ მოხდეს რევოლუცია, რაც დაუშვებელია. რევოლუცია მრავალი წლების მანძილზე შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას”, – აცხადებს ქეთევან პავლიაშვილი.

 

მსგავსი თემები