“საქართველოში წამლებს კი არ სვამენ, არამედ ჭამენ​” – პედიატრი გრიპის ვირუსზე

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, ზამთრის სეზონისთვის გრიპისა და გაციების სხვა სახის ვირუსების გავრცელება ბუნებრივი მოვლენაა. ასეთ დროს წამლების ჭარბად მიღება რეკომენდებული არ არის. ვირუსების გავრცელებისთვის ხელის შეშლა შესაძლებელია ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვით: საჭიროა ხელების ხშირად დაბანა, განსაკუთრებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საბავშვო ბაღში ყოფნისას ბავშვებმა 4-5-ჯერ მაინც დაიბანონ ხელები; აუცილებელია, დღეში 2-ჯერ, სველი წესით დამუშავდეს საკლასო ოთახები თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები; დაახლოებით 4-5 -ჯერ უნდა განიავდეს საკლასო ოთახი, რა დროსაც ბავშვები ოთახში არ უნდა იმყოფებოდნენ; უნდა გამოიყენებოდეს ერთჯერადი ჰიგიენური საშუალებები და იატაკი და მაგიდა ერთი და იმავე ჩვარით არ იწმინდებოდეს, რაც, ექიმის თქმით, საკმაოდ ხშირია.

“ყველა ამ ჰიგიენურ ნორმას თუ დავიცავთ, არა მხოლოდ გრიპის ვირუსის, სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების გავრცელებასაც ავირიდებთ თავიდან”, – განაცხადა თემურ მიქელაძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პედიატრი მშობლებს ურჩევს, როცა ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, არ გაუშვან სასწავლო დაწესებულებაში. ხშირად მშობლები, იმის გამო, რომ სამსახურიდან ვერ თავისუფლებიან, იძულებულნი არიან ვირუსის მატარებელი ბავშვი არ დატოვონ სახლში, წამლებს სკოლაში ან ბაღში ატანენ, რის გამოც სხვა ბავშვებს ვირუსის გადადების რისკი ექმნებათ, თავად პაციენტი კი სრულყოფილ მკურნალობას ვერ იტარებს.

” მინახავს შემთხვევები, როცა მშობლები ბავშვებს წამლებს სკოლაში ან ბაღში ატანენ. ასეთი ბავშვები სასურველია დაახლოებით 5 დღის განმავლობაში მაინც დარჩნენ სახლში და იმკურნალონ. გასაგებია, რომ მშობლებიც მუშაობენ და მათ არ ჰყავთ ბავშვის დამტოვებელი. ამ დროს სასურველია, მშობლებმა ერთკვირიანი ან ათდღიანი ბიულეტენი აიღონ და ბავშვს სახლის პირობებში უმკურნალონ.  მოზრდილი გადამდებია ვირუსის დასაწყისიდან 5-7 დღის განმავლობაში, ბავშვებში კი ეს პერიოდი შესაძლოა 10-12 წლის განმავლობაშიც გაგრძელდეს “, – აცხადებს პედიატრი თემურ მიქელაძე.

​მისივე თქმით, არც წამლების გადაჭარბებული მიღება არის რეკომენდებული, რისი მახინჯი პრაქტიკაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს . “საქართველოში წამლებს კი არ სვამენ, არამედ ჭამენ”, – აცხადებს თემურ მიქელაძე და პაციენტებს ურჩევს გრიპის ვირუსის დროს, ჩვეულებრივზე 30-40 %-ით მეტი სითხეები მიიღონ. გრიპის ვირუსით დაავადების დაახლოებით 95% -ის შემთხვევაში  ის 5-7 დღის განმავლობაში გავა ორგანისმიდან.

მისივე შეფასებით, ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყანაში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით არ არის კრიტიკული მდგომარეობა, სამინისტროს აქვს უნარი, დროულად მართოს გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტები, როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის რეგიონებში.

​გრიპის ვირუსი ყოველთვის იყო, არის და იქნება. მას გააჩნია ანტიგენური სტრუქტურის ცვლილება. პირველი სამი დღის განმავლობაში გრიპის ვირუსს ახასიათებს ცხელება, გართულებას შესაძლოა ველოდოთ მხოლოდ მეოთხე, მეხუთე დღიდან, ყურის ანთების თუ სხვა გართულებების გამო, ამის შემდეგ არის საჭირო ჩაერთოს სტაციონარის ექიმი. “, – აცხადებს პედიატრი თემურ მიქელაძე.

​იგი მშობლებს ურჩევს, მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენა და ცხელების დროს ბავშვს არ მისცენ სიცხის დამწევი პრეპარატი, თუ ტემპერატურა 39,5 გრადუსს არ ასცდება. ცხელებამ უნდა მოკლას ვირუსი და ორგანიზმმა გამოიმუშაოს იმუნიტეტი.

მსგავსი თემები