ახალი პრეზიდენტი დროებით, ორბელიანის სასახლის ადმინისტრაციულ ფლიგელში განთავსდება

არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, თბილისის ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო,  მუშაობას დროებით, ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებს.

როგორც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ორბელიანების სასახლეში სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. საპრეზიდენტო ფლიგელის გარემონტება დაახლოებით თვე-ნახევარში დასრულდება.

“მგონი აჩქარება საჭირო არ არის. პრეზიდენტის რეზიდენციაში ყოველ წელს ხომ არ გაკეთდება რემონტი? – ამის გამო არჩეული პრეზიდენტი ალბათ, ადმინისტრაციულ ფლიგელში იქნება. შემდგომში გადავა საპრეზიდენტო ფლიგელში,”- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ინაუგურაციის დღეს, სალომე ზურაბიშვილი თბილისის მთაწმინდის პანთეონს ეწევევა. მოილოცავს წმინდა ილია მართლის საფლავს და პატივს მიაგებს პანთეონში განსვენებულ საზოგადო მოღვაწეებს.

როგორც ლაშა ჟვანიამ განაცხადა, ინაუგურაციის დღეს, სტუმრად სომხეთის პრეზიდენტი და ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ეწვევიან.

“თბილისში, როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტი მიბრძანდება და მოილოცავს წმინდა ილია მართლის საფლავს. ასევე პატივს მიაგებს პანთეონში განსვენებულ საზოგადო მოღვაწეებს, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პიროვნებების საფლავებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ზუსტად ვიცით, რომ ჩამობრძანდება სომხეთის პრეზიდენტი. ახლა მქონდა საუბარი ლიტვის საელჩოსთან და ლიტვის სეიმის თავმჯდომარე იქნება. ასევე სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან,”- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მსგავსი თემები