დატოვეთ მანდატები, ნაგავსაყრელზე არჩიეთ საქმეები! – ირაკლი ღლონტი პარლამენტში დაპირისპირებაზე

  •  

პოლიტიკოსი, დიდუბის ოლქში დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ღლონტი, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის”, “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და მომხდარს სამარცხვინოს უწოდებს.

როგორც ირაკლი ღლონტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მისთვის მიუღებელია მსგავსი მსგავსი გარჩევების პარლამენტის შენობაში გამართვა და დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, დატოვონ დეპუტატების მანდატები და ქუჩაში ურჩიონ ერთმანეთს საქმეები, რადგან ამით საერთაშორისო საზოგადოებისა და ქვეყნის მოსახლეობის თვალში აკნინებენ, პარლამენტის როგორც ინსტიტუციის როლს.

ირაკლი ღლონტის თქმით, ამომრჩევლის შეურაცხყოფაა ის, რომ დეპუტატები, რომლებსაც ხალხმა მანდატი მიანიჭა და რომლების ხელის ერთი აწევით ქვეყნის ბედი წყდება, ერთმანეთის საცემად სწევენ ხელს.

“რაც დღეს ვნახე პარლამენტში, არის ჩვენი ინსტიტუციების შეურაცხყოფა და სირცხვილი. სამარცხვინოები ხართ ყველა პოლიტიკური ძალა, რადგან ვერ უზრუნველყოფთ ქვეყნის იმიჯისთვის სასარგებლო საქმიანობას. თქვენ უნდა ჩამოშორდეთ სახელმწიფო მართვის სადავეებს. სად გგონიათ თავი? პარლამენტში ხართ და არა ცირკში, რა დროს თავების დალეწვა და კრიმინალური გარჩევებია. ერთმანეთის ღირსები ხართ, მაგრამ საზოგადოებას და ქვეყანას რას ერჩით?! ​რას ძველბიჭობთ? თუ რამის გაკეთება გინდათ დეპუტატები ხართ, იმდენი მანდატი მოგეცით, რომ შეგიძლიათ ხელის ერთი აწევით ქვეყნის ბედი შეცვალოთ, თქვენ კიდევ ხელს ერთმანეთის საცემად სწევთ. დატოვეთ მანდატები და ქუჩაში გაარკვიეთ თქვენი საქმეები, ოღონდ სადმე ნაგავსაყრელზე, რომ ქალაქში არ დავინახო თქვენი ძველბიჭობა და მაიმუნობა, თქვენი ხომ არ გგონიათ მარტო თქვენია ეს ქვეყანა? მიიწიეთ და გაიწიეთ. ყველა რესურსი იღლიაში გაქვთ ამოდებული ერთს, მეორეს, მესამეს და მეოთხესაც. გაღლიტეთ ეს ქვეყანა და პერსპექტივის გარეშე დატოვეთ. ძალაუფლების აღდგენა-შენარჩუნებას მოარგეთ ყველა ინსტიტუციები. ​აშშ -ში და ევროპელ კოლეგებში ნახეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი იმიჯი. 90-იანი წლები ხომ არ გგონიათ, ბანდიტურად რომ ესხმით თავს ერთმანეთს? სცენაზე ხომ არ ხართ? ეს არის უდიდესი დანაშაული საკუთარი სახელმწიფოს მიმართ. პარლამენტი არ არის საძველბიჭო და სამაიმუნო ადგილი”, – აცხადებს ირაკლი ღლონტი.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს, დეპუტატები ნიკა მელია და ირმა ინაშვილი სიტყვიერად და ფიზიკური დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირება ირმა ინაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, მას მელია საუბარს სხვადასხვა რეპლიკით აწყვეტინებდა.

“ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ, ეს მართლა კრიმინალები ესენი”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა. იგი ნიკა მერიას მაგიდასთან მივიდა, ფიზიკური გაწევ-გამოწევის დროს მაგიდაზე ხელი დაურტყა და ფურცლები შეაყარა. ამის შემდეგ, ინაშვილმა მელიას დარბაზიდან მასთან ერთად გასვლა მოსთხოვა. დაპირისპირებაში დეპუტატი ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა. დაპირისპირებული დეპუტატების დარბაზიდან გასვლის მომენტში ის მელიას უკნიდან მიუახლოვდა, მელია შემოაბრუნა, თუმცა არ დაურტყამს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში ჩარევა მანდატურს სთხოვა.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები