“მწუხარებას გამოვთქვამ დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობის გამო”, – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის გარდაცვალებას ეხმაურება. ის აღნიშნავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე – შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე.

ლომჯარიას განცხადებითვე, მან 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა სააგენტოს და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვა. არსებული საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„სახალხო დამცველი დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრებ ოჯახებზე და ასეთი შენობებიდან მათ დროულად განსახლებას მოითხოვს. მოქმედი კანონმდებლობით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე ხორციელდება. ჩვენ ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 90-მდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ობიექტია. ბოლო პერიოდში, შენობის ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა, რამაც მდგომარეობა გააუარესა და იძულებით გადაადგილებულ პირებს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების მიზნით საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს, რომ დევნილთა განსახლების პროცესში მაქსიმალურად მიანიჭოს პრიორიტეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებას, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნეს აცილებული.

მსგავსი თემები