თუ პროექტი კანონად იქცა, თანამშრომლები, ავტომატურად სამსახურიდან გაშვებულად ითვლებიან

იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკანგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ თუ კანონპროექტი ძალაში შევიდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ავტომატურად გათავისუფლებულად ითვლება. ახალი პრეზიდენტი კი სამსახურში, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, მათ მიიღებს, ვისაც საჭიროდ ჩათვლის.

“2015 წელს ინიცირებული „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ მთავარ ფასეულობას წარმოადგენს: პროფესიული საჯარო ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მისთვის გარანტიების შექმნა; პოლიტიკურად ნეიტრალური სამსახურის ჩამოყალიბება; საჯარო სამსახურში მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის ფორმირება და კიდევ ბევრი სხვა, რაც თავისთავად ნეპოტიზმის, პროტექციონიზმისა და მიკერძოების არსებობას გამორიცხავს. დღეს კი საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს საჯარო მოხელის სტატუსი შეეცვალოთ, არ იყვნენ საჯარო მოხელეები და მათი აყვანა ხელშეკრულების საფუძველზე მოხდეს. ეს კი იგივეა, რომ ყველა თანამშრომელი ავტომატურად სამსახურიდან გაშვებულად ითვლება. პრეზიდენტი კი შრომით ხელშეკრულებას მას გაუფორმებს და მას დაასაქმებს, ვინც თავად მოუნდება“ – აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

​იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვს: „პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ არის მთლიანად საჯარო სამსახური, ის საჯარო სამსახურის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რიცხვი შეიძლება არ იყოს იმდენად დიდი, როგორც ცალკე აღებულ სამინისტროებში, მათ სახელმწიფო მოხელის სტატუსი უნდა შეუნარჩუნდეთ და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შედეგად სამსახურიდან ავტომატურად არ უნდა დაითხოვონ”.

​მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამჟამად 150 ადამიანია დასაქმებული. ახალი პრეზიდენტის პირობებში კი საბიუჯეტო და უფლებრივი შეზღუდვების გამო, ეს რაოდენობა თითქმის ნახევრდება.

 

მსგავსი თემები