“ღამითაც კი სულ ამ მონუმენტს ვუყურებ” – ვანდალური ფაქტი ქუთაისში

ქუთაისის ცენტრში, ტორპედოს სტადიონთან, “მშვიდობის მოედანზე” , რამდენიმე დღის წინათ დამონტაჟებული, 2,5 მეტრის სიმაღლის “მშვიდობის ბურთი” დაუდგენელმა პირებმა შავი საღებავით დასვარეს. მონუმენტზე სიტყვა მშვიდობა 67 ენაზე არის განთავსებული. მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. ​

​მომხდარს, იდეის ავტორი, მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტი ბესიკ ადამია, სოციალური ქსელით ეხმიანება: ” ქუთაისში ,,მშვიდობის ბურთის,, მონუმენტის ერთ მხარეს ი. ჭავჭავაძის სახელობის პროსპექტია, უკან კი ტორპედოს სტადიონი, მარჯვნივ #31 საჯარო სკოლა და მარცხნივ 4 სართულიანი ბინა, რომლის მე-3 სართულზე მე ვცხოვრობ, დღე რამდენჯერმე, ღამითაც კი რომ მეღვიძება სულ ამ მონუმენტს ვუყურებ, ხომ დგას და ვინმემ არ დააზიანოს მეთქი, დღეს დილით აქვე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან სავარჯიშოდან დაბრუნებულმა, თვალი შევავლე და ყველაფერი წესრიგში იყო, დღისით, მზისით, ვიღაც ბოროტად ესტუმრა და შავი საღებავით რიგი ადგილები შეღება, თუ პატარა ხარ, ამ ერთხელ გეპატიება და თუ მუტრუკი, ხომ გაქვს ძმარი სადენი ცხვირიდან !”, – წერს იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“მშვიდობის ბურთი” მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ შექმნა, რისთვისაც ქუთაისის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია მოსახლეობას მოუწოდებს გაუფრთხილდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავეები კანონის ფარგლებში დაისჯებიან.

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით  სამართალდამცველებს უკვე მიმართეს. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები