მთაში, 4 სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში” დღეს, მთის განვითარების სტრატეგია​წარმოადგინა და განაცხადა, რომ ასეთი სტრატეგია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან რომ ჰქონოდა, ბევრი პრობლემა დღეს უკვე დაძლეული იქნებოდა.

სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობის და კოოპერაციის განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა.

​როგორც პრემიერი აცხადებს, გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად  გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები, რაც მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას შექმნის.

მისივე ინფორმაციით, განვითარდება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები, გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. მთაში განთავსებული საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განსავითარებლად შემუშავდება მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამები და გაძლიერდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა UNDP-ს, რომლის აქტიური მხარდაჭერით საქართველოს აქვს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია. ასევე, მადლობა გადაუხადა შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებისთვის.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ის ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ ტექნიკური დახმარების გაწევის პროცესში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით ქვეყანას აქვს სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

“მაღალმთიანი დასახლების სტატუსით დღეს, 1,730 დასახლება სარგებლობს და ამ სტრატეგიის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები