აშშ-ს დიპლომატის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია ტყუილია და დამაზიანებელი – საგარეო საქმეთა სამინისტრო

​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე კატეგორიულად უარყოფს, ქართული მხარის მიერ აშშ-ს ელჩობის კანდიდატის დაბლოკვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო მედიის მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება დამაზიანებელია.

” ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ საკითხზე განმარტებები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს. ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს,  რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურა იმის გამო დაბლოკა, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია.

გამოცემის ვარაუდით, ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის გადაწყვეტილების უკან “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დგას, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამ ბრალდების დამოუკიდებლად დადასტურება რთულია.

ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. ამ თემაზე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველ ჯონ ბოლტონს საქართველოში ვიზიტისას დაუსვეს კითხვა. როგორც მან განაცხადა, საქართველოში აშშ-ის ელჩის შერჩევა სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება.

ამ დროისთვის, საქართველოს გარდა, ამერიკის ელჩი 50-მდე ქვეყანაში არ არის წარდგენილი ან დამტკიცებული.

მსგავსი თემები