ბავშვებში ტყვიის გამოკვლევაზე მშობლები უარს ამბობენ – როგორ მიმდინარეობს გაეროს კვლევა

სისხლში ტყვიის შემცველობაზე 2-დან 8 წლამდე ბავშვებში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, საქართველოს მასშტაბით უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. მკვლევარები, რომლებიც ოჯახებში შემთხვევითი შერჩევის გზით შედიან, წინააღმდეგობას აწყდებიან მშობლების მხრიდან. ისინი უარს ამბობენ, მათი შვილებისთვის სისხლის ანალიზის აღებაზე.

როგორც “მედიცანეტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს ბავშვთა ფონდის სტატისტიკისა და მონიტორინგის ოფიცერმა ანდრია ნადირაძემ განაცხადა, მშობლები კვლევაში მონაწილეობაზე უარს ხშირად ოჯახის პედიატრის რჩევით ამბობენ. ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ არ არსებობს ტყვიაზე მკურნალობის მეთოდი და აზრი არ აქვს მის დატესტვას.

​ანდრია ნადირაძის განმარტებით, ეს აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა. თუ ტყვია ცოტათი არის მომატებული ბავშვის ორგანიზმში უნდა დადგინდეს ტყვიით მოშხამვის წყარო და ამ წყაროს იზოლირება მოხდეს.

“პედიატრების მხრიდან ასეთი ჩარევა, ერთი მხრივ ბავშვებისთვის არ არის კარგი, რადგან საკმაოდ ბევრ სარგებელს მიიღებს ბავშვი და ბავშვის ოჯახი ამ კვლევაში მონაწილეობით, ხოლო მეორე მხრივ მკვლევარებს უქმნის გარკვეულ პრობლემებს. გუნდი, რომელიც ამ კვლევაში მონაწილეობს მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა, მათ გავლილი აქვთ ერთთვიანი დამატებითი ტრენინგი”, – აცხადებს ანდრია ნადირაძე.

მისივე ინფორმაციით, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, რომლის მხარდამჭერია გაეროს ფონდი, საქართველოში პირველად ტარდება. ქართული მხარის მოთხოვნით კვლევაში პირველად ჩაიდო ტყვიის კვლევის მოდული. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კვლევაში მონაწილეობს 14 ათას ოჯახზე მეტი და სისხლის ანალიზი 2-დან 8 წლამდე ასაკის, დაახლოებით 1500 ბავშვს უნდა ჩაუტარდეს. შეგროვებული სისხლი გამოსაკვლევად იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტში გაიგზავნება, რომელიც არის აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი მხარდამჭერი.

​ტყვიასთან ერთად ვტესტავთ სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას, ანუ ანემიას. ეს არის ერთ-ერთი პირველი რიგის დაავადება, რომელსაც იწვევს ტყვია. თუ ბავშვის სისხლში აღმოჩნდა ანემია, მაშინ მას სჭირდება რკინით მდიდარი დიეტა და შესაბამისი ვიტამინები. ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა თუ არის, ასევე არსებობს სპეციალური ტიპის სამედიცინო ჩარევები. ტყვიის კვლევაში მონაწილე ყველა ოჯახი ინდივიდუალურად მიიღებს პასუხს. თუ ბავშვის სისხლში აღმოჩნდა ტყვიის მომატებული რაოდენობა, სპეციალურად დატრენინგებული ტოქსიკოლოგები გაუწევენ უფასო კონსულტაციას და თუ არის განსაკუთრებული შემთხვევა, საქმეში, სრულიად უფასოდ ჩაერთვება M2-ის უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის პროფესორი”, – განმარტავს გაეროს ბავშვთა ფონდის სტატისტიკისა და მონიტორინგის ოფიცერმა ანდრია ნადირაძემ.

მისივე ინფორმაციით, კვლევის მეორე ეტაპი იქნება ტყვიის წყაროების დადგენა, რასთან დაკავშირებითაც, კვლების ავტორები იმედოვნებენ დაფინანსების მოძიებას.

 

მსგავსი თემები