კახეთის გზატკეცილზე სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა

  •  

თბილისში შემოსასვლელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზის – კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოწესრიგდა, როგორც წყლისა და წყალარინების ქსელი, ასევე, სადრენაჟო სისტემა.

ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც  იანვარში იგეგმება.

“უკვე მომავალი წლიდან შეგვეძლება, კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც დღეს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

მისივე ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომლის დროსაც, წყლისა და წყალარინების ქსელები შეცვალა. პარალელურად, მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, მომავალ წელს კი, კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური გზის სავალი ნაწილის სრული განახლება იგეგმება.

აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა.

მსგავსი თემები